საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ კიდევ აქვთ მოსასმენი საშუალებები.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს კომენტირებისას განუცხადა, ექსპრემიერს "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სწორედ ამაზე ჰქონდა მინიშნება.
"ბიძინა ივანიშვილს ძალიან საინტერესო საუბარი ჰქონდა. ძალიან საინტერესო აქცენტები დასვა სხვადასხვა მნიშვნელოვან და მიმდინარე საკითხებზე. თქვენ მაინცდამაინც მოსმენები გამოყავით. არა მხოლოდ მე, არამედ ჩვენმა მთავრობამაც საზოგადოებას განვუმარტეთ, რომ საუბარია მოსასმენ საშუალებებზე, რომელიც იქნა შეძენილი და შემოტანილი წინა მთავრობის დროს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და დიდი ვარაუდი არსებობს იმისა, რომ ჯერ კიდევ მათ ხელშია ეს საშუალებები. ამაზეა საუბარი და ამაზე ჰქონდა მინიშნება ბატონ ბიძინას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება საკითხს, ხელისუფლებას აქვს თუ არა ამის კონტროლის საშუალება, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მოსასმენი აპარატურის შეძენა საქართველოში "ქართული ოცნების" ხელისუფლების მოსვლამდე მოხდა.
"ეს არის ე.წ. გადასატანი პორტატული აპარატურა. ზოგადად მოსმენები დღევანდელ მსოფლიოში არის ძალიან გამარტივებული. იგივე მობილურ ოპერატორებს შეუძლიათ მოსმენა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. იგივე შეუძლია ხელისუფლება, თუ მას პოლიტიკური ნება აქვს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილსაც უსმენენ თუ არა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მას არ სურს გაიმეოროს ის, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში უკვე ისაუბრა.
"მან ძალიან კარგად და მკაფიოდ განმარტა, რომ იყო საუბარი ერთ-ერთ მის იდეაზე, რომელიც არავინ იცოდა და რამდენიმე ხანში "ნაციონალური მოძრაობის" აქტიურმა მხარდამჭერებმა, სახელს და გვარს არ დავასახელებ, მათმა ერთ-ერთმა ტელევიზიამ მოახდინა ამის შესახებ განცხადების გაკეთება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოსმენების თემაზე ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. "რაც შეეხება ჩემს სავარაუდო ჟურნალისტობას, სხვათა შორის, ეს თემა ერთ-ერთი საბუთი იყო იმისა, რომ ტელეფონებზე კვლავ გვისმენენ, მათ შორის - მეც (იცინის). სავარაუდო ჟურნალისტობაზე აბსოლუტურად განსჯის სახით ვესაუბრებოდი ვიღაცას და მეორე დღეს ჟორჟოლიანმა ეს ტელევიზიით გადმოსცა. არ ვიცი, რა და როგორ არის... ისე, შეიძლება, მართლაც მოხდეს ისე, რომ მე გადაცემის თანაწამყვანი და ჟურნალისტი ვიყო. თუმცა, ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ. სულ ორი-სამი დღის დაწყებული იყო ეს საუბრები და უეცრად ეს ამბავი ტელევიზიით გადმოსცეს, რამაც გამაოცა. ვიმეორებ - შესაძლოა, ასეც მოხდეს, ოღონდ დაბალი ალბათობით", - განაცხადა ივანიშვილმა.