მუდამ ვილოცებთ ჩვენი ქრისტიანი ძმების კეთილდღეობისათვის, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრმა , არქიეპისკოპოსმა დომინიკ მამბერტიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც არქიეპისკოპოსმა აღნიშნა, მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრაზე მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გადასცა მადლობა წმინდა ეკლესიის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი.
"ჩვენ მივესალმებით მშვიდობის, ჰარმონიის დამყარებას თქვენს ქვეყანაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვემხრობით და მივესალმებით ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც საქართველოს საზოგადოების კეთილდღეობას მოხმარდება", - განაცხადა დომინიკ მამბერტიმ.
მისივე თქმით, წლები დასჭირდა იმას, რომ საქართველოსა და ვატიკანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებულიყო. როგორც მან აღნიშნა, 15 წელი გავიდა იმ მომენტიდან, როდესაც რომის პაპის იოანე პავლე მეორის ვიზიტი შედგა საქართველოში.
როგორც ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ვატიკანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ბოლო წლებში საკმაოდ ინტენსიური გახდა.
"ჩვენ ხშირად გვაქვს იმის შესაძლებლობა გამოვხატოთ სოლიდარობა თქვენი ქვეყნის მიმართ. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე საქართველომ გააძლიერა თავისი კულტურულ-ეკონომიკური კავშირები. ჩვენ მივილტვით, რომ ჩვენი ურთიერთობა ახალ დონეზე ავიდეს და ეს ყოველივე ხდება საქართველოს კულტურული და ქრისტიანული წარსულის გათვალისწინებით", - განაცხადა დომინიკ მამბერტიმ.
მისივე თქმით, ვატიკანი ძალიან დიდ პატივს სცემს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ძალიან თბილი შეხვედრა შედგა გუშინ მასა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორე შორის.
"რაც შეეხება კათოლიკურ ეკლესიას საქართველოში, არ არის საიდუმლო, რომ საკმაოდ მცირე სფეროს მოიცავს კათოლიკური ეკლესია ამ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს საზოგადოების განვითარებაში. ეჭვი არ მეპარება, რომ მთელი კათოლიკური საზოგადოება, რომელიც საქართველოშია, ყველანი იღწვიან იმისათვის, რომ საზოგადოების განვითარებაში გარკვეული წვლილი შეიტანონ. ჩვენ ვიღწვით როგორც სულიერი, ასევე საგანმანათლებლო მოღვაწეობისათვის", - განაცხადა დომინიკ მამბერტიმ და წმინდა ეკლესიის სახელით დალოცა საქართველო და მისი ხალხი.