ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების დიდი პოტენციალი არსებობს.
პრემიერმა ასევე ამ პოტენციალის სწორად გამოყენების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
“გპირდებით სახელმწიფო, მთავრობა პირადად მე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს პორტენციალი სწორად და მაქსიმალურად ეფექტურად იქნას გამოყენებული. მზად ვართ დამატებითი დაფინანსება გამოგიყოთ, რომ თქვენ მიერ შექმნილი ინოვაციების და ახალი პროექტების დაპატენტება მოხდეს. მე აქვე მინდა, მოვიწვიო ამ სფეროში მომუშავე ბიზნესის წარმომადგენლები, კომპანიები, ვინც საქართველოში ახალი ტექნოლოგიების წარმოებით არიან დაინტერესებულნი, რათა აღნიშნული პროდუქტების წარმოებაში ისინიც ჩაერთონ. ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ და რა უნდა გააკეთოს პატარა სახელმწიფომ თუ არა, ის რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრება, ახალი პროექტების შექმნა, ინოვაციების შემოტანა. ჩვენ ამგვარ საკითხებს დიდ ყურადღებას ვუთმობთ და ინოვაციური ტექნოლოგიების სააგენტოს დაფუძნება სწორედ ამის დასტურია. ჩვენთვის ტექნიკური დარგების განვითარება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ეს ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება დაჩქარდეს და თქვენს უნივერსისტეს კარგი რესურსი და პოტენციალი აქვს, რომ ეს ყველაფერი რეალობად იქცეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის მთავრობას განათლების სფეროში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის სტუდენტები მომავალი 20 წლის განმავლობაში საერთაშორისო დიპლომებს აიღებენ.
“მე მიხარია, რომ თქვენი უნივერსიტეტი ის სამ უმაღლეს სასწავლებლებს შორისაა, რომლებშიც მომავალი 20 წლის განმავლობაში განხორციელდება ამერიკული საბაკალავრო პროგრამები და ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში სტუდენტები საერთაშორისო დიპლომების მიღებას შეძლებენ. თქვენ იცით, რომ საქართველოს მთავრობამ ჩვენი სტუდენტებისათვის საუკეთესო საერთაშორისო განათლების მისაწოდებლად დააარსა განათლების საერთაშორისო ცენტრი. ცენტრი შერჩეულ სტუდენტებს სასწავლებლად აგზავნის მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. თქვენთვის ალბათ, განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია ის, რომ ცენტრისთვის პრიორიტეტულია საინჟინრო-ტექნოლოგიური და ზუსტი მეცნიერებების სტუდენტების დაფინანსებას. მე მოგიწოდებთ, რომ ჩაერთოთ ამ პროექტში. ჩვენს ქვეყანას სჭირდება რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, რომელიც საფუძვლიანი ცოდნით აღჭურვილი ჩამოვა უცხოეთიდან და ამ რესურსს მოახმარს სამშობლოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ახალგაზრდებს მივცეთ მაქსიმალური შესაძლებლობა, რათა მათ მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება და თავიანთი ცოდნა თავის ქვეყანას მოახმარონ. სულ ახლახან ჩვენ შევქმენით ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც იმუშავებს სხვადასხვა გამოგონებისა და ინოვაციის კომერციალიზაციაზე, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების დამატებით რეალიზაციას. აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წელს ამოქმედდა მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დაფინანსების პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს მაგისტრანტების განათლების ხარისხის ამაღლებასა და მათ სამეცნიერო კვლევებში ჩართულობას. წლევანდელი სასწავლო წლიდან დოქტორანტებს შესაძლებლობა ექნებათ დაფინანსება მოიპოვონ 3 წლით, წელიწადში 21 000 ლარის ოდენობით. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ დაფინანსდა ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშნველოვანი პროექტი, რომლის საშუალებითაც დაიწყება შენობის რეაბილიტაცია და ლაბორატორიის აღჭურვა. ძალიან სასიამოვნო სიახლეა აგრეთვე ის, რომ წელს აგრარული მიმართულება დაემატა უფასო სპეციალობების რიცხვს. სახელმწიფო მთლიანად აფინანსებს ამ ფაკულტეტზე სწავლას, რადგან აგროსექტორის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მჯერა, რომ ამ დარგშიც კვალიფიციური, თანამედროვე ცოდნით აღჭურვილ სპეციალისტებს მოგვცემს ტექნიკური უნივერსიტეტი. და ბოლოს, მე მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანია როგორც სოციალურად დაუცველი სტუდენტების, ისე ეთნიკური უმცირესობებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების ხელშეწყობა. მათთვის შემუშავებულია სპეციალური სოციალური პროგრამები, რომლებიც საშუალებას აძლევს როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებს მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება”, – განაცხადა პრემიერმა სტუდენტებთან შეხვედრისას.