"სად გვაქვს საფუძველი, რომ კრიმინალის ზრდაზე ვისაუბროთ?!"

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების დამძიმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ივანიშვილის თქმით, მკვლელობები ამერიკაშიც ხდება, საფრანგეთშიც, გერმანიაში და სხვა ქვეყნებშიც.

"კი მაგრამ, სად გვაქვს საფუძველი, რომ კრიმინალის ზრდაზე ვისაუბროთ?! მოხდა მკვლელობები, ეს კატასტროფაა და ცუდია, თუმცა, ასეთი შემთხვევები მომავალშიც მოხდება (სანამ ადამიანის ხასიათი არ შეიცვლება).”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ექსპრემიერი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულის სტატისტიკასაც აფასებს და მიიჩნევს, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ საზოგადოება ამ მონაცემებს არ ენდოს.

“ჩვენ შეგვიძლია დავსვათ კითხვა: პოლიცია დღეს უფრო სუსტია, ვიდრე ადრე? სამართალდამცველების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა დაუჯერებელია? მდგომარეობა გაუარესდა და საქართველო კატასტროფისკენ მიექანება? არავითარი საფუძველი არ არსებობს დღეს, რომ, მაგალითად, თქვენ არ ენდოთ შსს-ს სტატისტიკას. გასაგებია, რომ ივლისი დანაშაულის კუთხით ცუდი იყო, მაგრამ წინა წლებთან შედარებით მაინც კლებაა დაფიქსირებული. ზუსტად "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაგეგმა ეს (თემის აჟიტირება), "ასწია" "რუსთავი 2"-მა და სხვა ტელევიზიებიც ამ ფერხულში არიან ჩაბმული. არადა, მთავრობის დამოკიდებულება არ შეცვლილა - შს სამინისტრო და პოლიცია ზრუნავენ ადამიანების დაცვაზე, თითქმის ყველა მკვლელობის საქმე გახსნილია... სიცრუის მანქანა დღესაც მუშაობს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თუ არ ვცდები ჯაფარიძე, თურმე მესამე ღია წერილით მომმართავს (პირველი ორი მე "საუბედუროდ" არ მინახავს). წერილში წერს, რომ თავის დროზე, პოლიტპატიმრები რომ გამოუშვეს ციხიდან, თურმე ჯერ მაშინ მიკითხავდა ლექციებს, რომ ეს არ შეიძლება. საუბრობს ციხიდან გამოსულ 17 ათას პატიმარზე. მათ ამით იმის გამართლება უნდათ, რომ 17 000 კაცი უკანონოდ ჰყავდათ დაპატიმრებული...”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.