"არ ვიცი, რას ერჩით ჭიკაიძეს"

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მუშაობით კმაყოფილია და მისთვის გაუგებარია საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება ალექსანდრე ჭიკაიძის საქმიანობისადმი.

“მე არ ვიცი, რას ერჩით ჭიკაიძეს. მე მომისმენია მისი გამონათქვამები. მეც მირჩევნია, რომ უკეთესი ორატორი ვიყო და მშვენივრად ვიცი, რომ აქამდე ბევრი მიკლია. შეიძლებოდა, ვთქვათ, უკეთესი ქართული მცოდნოდა, საუბედუროდ, ბევრ შეცდომას ვუშვებ, თუმცა, რაღაც მოვახერხე პოლიტიკაში. მე იმით უნდა შევფასებულიყავი, რასაც ვაკეთებდი. ერთ-ერთმა მითხრა, ჭიკაიძეს ხელში კნოპიანი დანა ეჭირა, რომელსაც ხსნიდა და კეტავდაო (კადრები უჩვენებიათ). შეიძლება არ არის ლამაზი, რომ შს მინისტრს დანა უჭირავს ხელში და უკეთესი იქნებოდა, ჭიკაიძე უფრო კარგი ორატორი ყოფილიყო.

მე ჭიკაიძეს მხოლოდ ხელის ჩამორთმევით ვიცნობ და ჩემი შერჩეული კადრი არ არის, მაგრამ ის უნდა დახასიათდეს შსს-ს მუშაობით და თუ გნებავთ, საკუთარი წარსულით. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს წარმოაჩინოს, რომ რაღაც საშინელება ხდება, დღევანდელი პოლიცია მთლიანად ხალხის სამსახურშია. გახსოვთ, ადრე, "ნაციონალური მოძრაობის"“ მმართველობისას, პოლიცია იყო ყველაზე საშიში ჩვენს საზოგადოებაში”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.