პარლამენტის ვიცე-სპიკერის განმარტებით, მას უნდოდა ეთქვა, რომ კრიტიკა უნდა იყოს ზომიერი და არა ბილწსიტყვაობით გაჯერებული შეურაცხყოფა.
“გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს და კიდევ ერთხელ ვამბობ, პირველი ვინ როგორ რა მნიშვნელობით გაიგო მე არ ვიცი და მეორე, რას მოჰყვა ეს ყველაფერი რა სტატიას მოჰყვა, ალბათ, ესეც უნდა გაინტერესებდეთ. მე ვფიქრობ, აბსოლუტურად ბუნებრივი რეაქცია იყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკოსებსაც გვაქვს გამოხატვის თავისუფლება. ეს არ ნიშნავს, იმას რომ ეხლა მანანა კობახიძე იღებს იარაღს და ვინმეს შუბლს უხვრეტს. ამაზე არ არის საუბარი, საუბარია, იმაზე, რომ კრიტიკა უნდა იყოს ზომიერების იმ ფარგლებში, რასაც ქვია ჩვეულებრივად მორალურად გაწონასწორებული ადამიანის მეტყველება და არა ის, რომ ადამიანებმა ერთმანეთს მიაყენონ ამორალური ბილწსიტყვაობით გაჯერებული შეურაცხყოფები”, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მანანა კობახიძემ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე აგრესიული მოსაზრებების გამომთქმელ ადამიანებს მიმართა.
“ნებისმიერ ოპონენტს პატივს ვცემ, თუკი კორექტულად და ზრდილობის ფარგლებში მაკრიტიკებს და ვალდებულიც ვარ ასე მოვიქცე, მაგრამ, როცა სრულიად უცნობი ადამიანები უკანასკნელი სიტყვებით ილანძღებიან, ყოვლად უზნეო და ამორალურ პოსტებს დაგიდებენ ეს ვითომ კაცები, სინამდვილეში არაკაცები, ბილწსიტყვაობენ და თანაც ქალის მიმართ, აი, მერე მეუღლემ ან ძმამ ან შვილმა მართლა შუბლი რომ გაუხვრიტოს, მერე არ გვითხრას ვინმემ კრიმინოგენური ვითარება დამძიმდაო, შეურაცხყოფის და ლანძღვის თმენის ვალდებულება ნამდვილად არ აქვთ ადამიანებს და ისე, პოლიტიკოსიც ადამიანია!”, - ნათქვამია კობახიძის მიერ გავრცელებულ წერილში.