პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ბათუმის მაჟორიტარი მურმან დუმბაძე ირაკლი ღარიბაშვილს კონსტიტუციის წაკითხვას ურჩევს.
როგორც დუმბაძე აცხადებს, მთავრობის საქმიანობასა და მის საკადრო პოლიტიკაში ჩარევა მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა და ამაში იღებს ხელფასს. მისივე თქმით, ვერ დაასახელებენ ვერც ერთ ისეთ შემთხვევას, როცა კონკრეტულ თანამდებობაზე პირი მისი გადაწყვეტილებით დაინიშნა, რადგან ასეთ საკითხზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
"როცა ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მურმან დუმბაძე მთავრობის საქმიანობაში, საკადრო და სამთავრობო პოლიტიკაში, უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ერევა, უნდა წაიკითხოს საქართველოს კონსტიტუცია. ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაა, ჩავერიო ხელისუფლების შორის ბალანსში, სახელისუფლებო ურთიერთობებში, საკადრო პოლიტიკაში. მე წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტის წევრს, ვიცე-სპიკერს. ეს არის ჩემი პირდაპირი მოვალეობა და ამაში მიხდის ხალხი ხელფასს", - განაცხადა "ტელეიმედის" ეთერში მურმან დუმბაძემ.
დეპუტატის თქმით, ნეპოტიზმში მისი დადანაშაულება "ყურით მოთრეული" ბრალდებაა. "ჩავატარებ სპეციალურ ბრიფინგს, სადაც ვიტყვი, ვინ არიან ჩემი ნათესავები აჭარის მთავრობაში და დავასახელებ მთავრობის ხელმძღვანელის მიერ დანიშნულ ნათესავებს", - აღნიშნა მურმან დუმბაძემ.