მეჰმედ გორმეზი ბათუმის მეჩეთში სამუფთოს წარმომადგენლებსა და მრევლს შეხვდება

მეჰმედ გორმეზი ბათუმის მეჩეთში სამუფთოს წარმომადგენლებსა და მრევლს შეხვდება

თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მეჰმედ გორმეზი დღეს ბათუმის მეჩეთში სამუფთოს წარმომადგენლებსა და მრევლს შეხვდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მუფთმა ჯემალ პაქსაძემ განუცხადა, შეხვდრა დაახლოებით 1 საათში დაიწყება. მუფთმა არ დააკონკრეტა რა საკითხებზე იქნება საუბარი.

მეჰმედ გორმეზი გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ერთობლივი განცხადების გაკეთებამდე საპატრიარქოში შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და თურქეთის რელიგიურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მეჰმედ გორმეზიმ მიმართეს. პატრიარქმა აღნიშნა, რომ მეჰმედ გორმეზის ვიზიტს ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა და ყველა იმედით უყურებს მათ ურთიერთობას.

თავის მხრივ, მეჰმედ გორმეზიმ მადლობა გადაუხადა კათოლიკოს-პატრიარქს, ასევე მეუფეებს სამდღიანი მასპინძლობისთვის. მან გაიხსენა მაისში პატრიარქის თურქეთში ვიზიტი და ამ ვიზიტს ისტორიული უწოდა.

თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორ მეზობელ ქვეყანას, თურქეთსა და საქართველოს ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება აკავშირებთ. განცხადების თანახმად, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეს აღწევს. სულ უფრო ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო-ეკონომიკური და კულტურულ სფეროში. სხვადასხვა რელიგიებს შორის ურთიერთგაგებისა და ტოლერანტების განმტკიცების მნიშვნელობიდან გამომდინარე ურთიერთობები ღრმავდება რელიგიურ საკითხებთან მიმართებაშიც.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა დაგმეს ისლამის სახელით განხორციელებული ძალისმიერი ფაქტები, რომელსაც ბოლო პერიოდში ადგილი ქონდა სხვადასხვა ქვეყანაში. ამასთან, გამოითქვა ერთობლივი წუხილი მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში მზარდი ისლამოფობიის გამო.