რუსეთი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირთან გაუცხოება გაივლის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ТВ Центр– ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"დარწმუნებული ვარ, ეს გაივლის. ევროკავშირში უკვე გაისმის საღად მოაზროვნე ხმები", - განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, დასავლელი კოლეგები, მათ შორის ევროკავშირიდან, ძველებურად ახორციელებენ სატელეფონო ზარებს, ჩადიან რუსეთში და რუსეთის წარმომადგენლებს თავისთან იწვევენ.
ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ევროკავშირთან სტრატეგიული ურთიერთობების გაღმავებაში და განმტკიცებაში არის დაინტერესებული.
ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ახალი პაკეტი ამოქმედდა. "ბიბისის" ცნობით, ევროკავშირის ახალ "შავ სიაში" 24 რუსი მაღალჩინოსანი და აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი "ბოევიკების" ლიდერები მოხვდნენ. სანქციები მათი ანგარიშების გაყინვასა და სავიზო აკრძალვას ითვალისწინებს.
ახალი სანქციების სიაში მოხვდა ხუთი რუსული ბანკიც - "სბერბანკი", "ვითიბი", "გაზპრომბანკი", "ვნეშეკონომბანკი" და "როსსელხოზბანკი", ასევე ცხრა რუსული თავდაცვითი კონცერნი.
ევროკავშირის სანქციების "შავ სიაში" ამ დროისთვის სულ 119 რუსი მაღალჩინოსანია.