პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" 14 სექტემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის შესახებ იმსჯელებს.
საკითხის განხილვა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე 12:00 საათზე დაიწყება.
"იქნება მსჯელობა, თუმცა წინასწარ ვერ გეტყით, რა გადაწყვეტილება შეიძლება იქნას მიღებული. ეს დამოკიდებულია მსჯელობის შინაარსზე", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პარტიის წევრმა, დეპუტატმა ეკა ბესელიამ.
აღნიშნულ საკითხზე პარტიამ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენებას "თვითნებური ქმედება" უწოდა.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებს, სადაც ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიწყო. გვინდა, ცალსახად განვაცხადოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა შეთანხმებული პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხელმძღვანელობასთან და პოლიტსაბჭოსთან. შესაბამისად, პარტიის ლიდერის გადაწყვეტილებით, 14 სექტემბერს, 12:00 საათზე, გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც განიხილება აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თვითნებური ქმედება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება", - ნათქვამი იყო პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში.