ამის შესახებ ნატო-ს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრა რიგაში, მე-9 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა უელსში გამართული სამიტის შედეგებზე იმსჯელეს.
ჯეიმს აპატურაიმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა უელსის სამიტზე მაქსიმალური შედეგის მისაღებად. მან, ასევე, აღნიშნა, რომ სამიტზე საქართველოს მიერ მიღებული პაკეტი შინაარსობრივად მაქსიმალურად დატვითულია და ახლა ალიანსი მისი გადაწყვეტილებების განხორციელებას იწყებს.
კერძოდ, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილი მინისტერიალისთვის დაიდება კონკრეტული შედეგები საქართველოში თავდაცვის შესაძლებლობათა მისიის გახსნის კუთხით და ამისთვის ნატო-ს ხელმძღვანელობა ძალისხმევას არ დაიშურებს.
მხარეებმა ისაუბრეს პაკეტით გათვალისწინებული საკითხების დროული განხორციელების აუცილებლობაზე. ჯეიმს აპატურაიმ დაადასტურა ალიანსის მზაობა გამოცდილების გაზიარებისა და პაკეტით გათვალისწინებული საკითხების ეფექტიანი განხორციელებისთვის დახმარების თაობაზე.
ლატვიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტისა და კონფერენციის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე, მონაწილეობას მიიღებს რიგის მე-9 საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში, რომელიც ორგანიზებულია ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მიერ.