გერმანიაში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

გერმანიაში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

საელჩოს ცნობით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანიაში გარდაცვლილ ზაზა კულუას გადმოსვენებასთან დაკავშირებით საკონსულო სამსახურმა გარდაცვლილის ოჯახს დახმარება არ აღმოუჩინა, სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოს საელჩოს განცხადებით, როგორც დამკრძალავი ბიუროს შერჩევა, ასევე გარდაცვალებასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება უშუალოდ საკონსულო სამსახურის ჩარევით განხორციელდა.

“გარდა ამისა, უფასოდ იქნა მომზადებულ გადმოსვენების ორგანიზებისთვის საჭირო დოკუმენტაცია; მიღწეულ იქნა დამკრძალავ ბიუროსთან შეთანხმება გადასვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების გადავადების შესახებ. პარალელურ რეჟიმში, საელჩო მონაწილეობს გადასვენებისთვის აუცილებელი თანხის შეგროვების პროცესში. ასევე საელჩო მადლობას უხდის გერმანიაში მცხოვრებ თანამემამულეს, ქეთევან ჯანჯიბუხაშვილს, გარდაცვლილის ოჯახისათვის უანგაროდ გაწეული დახმარებისათვის.

გატარებულმა ღონისძიებებმა შესაძლებელი გახადა, რომ გარდაცვლილი ზაზა კულუას გადმოსვენება უმოკლეს ვადებში განხორციელდეს”, - აღნიშნულია განცხადებაში.