“ჩვენ პრეტენზია კომერციულ ბანკთან არ გავქვს“

“ჩვენ პრეტენზია კომერციულ ბანკთან არ გავქვს“

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მას ყოფილ მთავრობასთან პრეტენზია იმის გამო აქვს, რომ კომერციული ბანკი კონკურენციის საფუძველზე არ შეარჩია.

როგორც ნარმანიამ “იმედის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას აღნიშნა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს დღეს არ უთქვამთ, რომ “ლიბერთი ბანკის” გარდა, მოლაპარაკებები სხვა ბანკთანაც მიმდინარეობდა.

“მათ განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა და მით უარესი თუ ეს ასე იყო, ეს პერიოდი სავსებით საკმარისი იყო იმისთვის, რომ ახალი კომერციული ბანკი კონკურენციის საფუძველზე შეერჩიათ. ესაა ჩვენი მთავარი პრეტენზია. ჩვენ “ლიბერთი ბანკთან” იმდენად არ გვაქვს პრეტენზია. “ლიბერთი ბანკი” კომერციული დაწესებულებაა და მას სრული უფლება აქვს შემოსავლების და მოგების მაქსიმიზაციისთვის ყველაფერი გააკეთოს. ჩვენ თბილისის მთავრობის იმ მაღალჩინოსნებთან გვაქვს პრეტენზია, ვინც საბანკო დაწესებულებას კონკრეტულ პირობებზე შეუთანხმდნენ”, – განაცხადა ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა სამარცხვინო უწოდა მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის განცხადებას, რომლითაც სევდია უგრეხელიძემ მას არითმეთიკა დაუწუნა. ნარმანიამ ასევე აღნიშნა, რომ განცხადების გაკეთებამდე ის ანალიზს აკეთებს და შედეგებზე ფიქრობს.

“სამარცხვინოა ის, რაც ქალბატონმა სევდია უგრეხელიძემ განაცხადა და ჩემი არითმეტიკა და კალკულაციაც დაიწუნა. მე ვარ ის ადამიანი, ვინც ყოველთვის ვაკეთებ გაანგარიშებებს, ვდებ სხვადასხვა ალტერნატივებს და გადაწყვეტილებებს აქედან გამომდინარე ვიღებ. მინდა ამ შემთხვევაში ბანკს ვუპასუხო, რომ ვიდრე განცხადებას გავაკეთებდი, ძალიან კარგად დავფიქრდით და ავწონ-დავწონეთ ის, თუ რა შეიძლებოდა ამ განცხადებას მოჰყოლოდა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ პრეტენზია კომერციულ ბანკთან არ გავქვს. ჩვენ პრეტენზია გვაქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც პირდაპირ “ლიბერთი ბანკს” შეუთანხმდნენ და რომლებმაც ათ მილიონზე მეტით აზარალეს თბილისის ბიუჯეტი”, – განაცხადა “იმედის” პირდაპირ ერთერში ჩართვისას დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა ასევე განაცხადა, რომ ყველა მსგავს შემთხვევაში, რომელსაც ადგილი ექნება მისი მმართველობისას დედაქალაქის მთავრობა საჯარო კონკურსებს გამოაცხადებს და საუკეთესო პირობას ამ ფორმით შეარჩევს. დავით ნარმანიამ ასევე აღნიშნა, რომ გამოძიების შესწავლის საგანი პირველი კონკურსის გამოცხადებაც და კომერციული ბანკის შერჩევის ფორმაც უნდა გახდეს. მერმა განაცხადა, რომ გამოძიება კომპექსური და მრავლისმომცველი უნდა იყოს.