გოგა ხაინდრავა კარლ ბილდტს კორუფციაში ადანაშაულებს. შვედურ გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, ხაინდრავამ ბილდტის შესახებ პრესკონფერენცია თბილისშიც გამართა.
როგორც ჟურნალისტებს ხაინდრავამ განუცხადა, ბილდტის კომპანიას "კრეაბი" საქართველოს მთავრობასთან გრიფით საიდუმლო კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული. მან ეს დოკუმენტაცია გამოითხოვა და შვედურ მედიას მიაწოდა ინფორმაცია.
ხაინდრავა აცხადებს, რომ კარლ ბილდტი სხვა ქვეყნების კომპანიებთან კავშირშიც არის შემჩნეული.
"კარლ ბილდტის კომპანია "კრეაბი" დიდ თანხებს ღებულობდა სააკაშვილისგან და ეს არაფრით არ იყო მოტივირებული. 2008 წელს, როდესაც სააკაშვილმა არჩევნები გააყალბა, კარლ ბილდტმა მაშინ განაცხადა, რომ არანაირ ეჭვს არ იწვევს შედეგები, ეს ნიშნავს, რომ წლებია ბილდტი სააკაშვილს ლობირებს. ამის საპირისპიროდ, შვედეთის ელჩმა საქართველოში, გააგზავნა საბუთები და შეატყობინა თავის ქვეყანას, რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით, ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია და გაყალბებას ჰქონდა ადგილი. ამის შემდეგ, ის გაწვეულ იქნა ბილდტის მიერ და მის ადგილას დაინიშნა კარლ ბილდტის თანაშემწე", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
იგი აცხადებს, რომ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კარლ ბილდტის ირგვლივ ინფორმაციის მოძიება.
"გაუგებარი იყო მისი დიპლომატიური აქტივობა საქართველოში. როგორც ვიცი, 14-ჯერ იყო ჩამოსული, მაშინ, როდესაც შვედეთსა და საქართველოს შორის, არანაირი განსაკუთრებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობდა. ამ ყველაფერმა მომცა შესაძლებლობა, რომ დამეგროვებინა მასალები და გავმართე პრესკონფერენცია", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისი თქმით, მოიპოვა დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს ბილდტის კომპანია "კრეაბის" და სააკაშვილის მთავრობას შორის კონტრაქტს.
"სხვა კონტრაქტები, რომელიც არსებობდა ამერიკულ კომპანიებთან, არ იყო გასაიდუმლოებული. ერთადერთი კონტრაქტი, რაც გასაიდუმლოებული იყო, ეს იყო კონტრაქტი "კრეაბთან", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო კარლ ბილდტი და რომლის შემდაგენლობაში მუშაობდა ადამიანი, რომელიც პარალელურად მუშაობდა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ძალიან მაღალ თანამდებობაზე – ბილდტი მრჩევლად. არ შეიძლება ერთდროულად მუშაობდე ჩინოვნიკად და მაღალი დონის კომპანიაშიში. ნათელია, რატომ მალავდა სააკაშვილი კონტრაქტს, იმიტომ, რომ ბილდტი პირდაპირი ხიდი იყო მისთვის სხვა ევროპელ პოლიტიკოსებთან", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ. მისი თქმით, კარლ ბილდტი მსგავს ქმედებებში სხვა ქვეყნებმაც ამხილეს.
"სერიოზული სკანდალი გამოიწვია მისმა საქმიანობამ თურქული კომპანიების მხარდასაჭერად კვიპროსზე. პრესაში გამოითქვა ეჭვი, კავშირებზე, რომელიც არსებობდა თურქულ მეგაკომპანიებსა და კარლ ბილდტს შორის. ბილდტის სახელი დანაკშირებულია ისეთ ოდიოზურ ფიგურასთან, როგორიც არის ვასტოკ ნაფტა. ეს არის კომპანია, რომელიც ობშორულ ზონაშია დარეგისტრირებული და რეალურად ფლობს "გაზპრომს". ის იყო ამ კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი გარკვეული პერიოდი, რაც შემთხვევითი არ არის. შემთხვევით, რუსულ მეგაკომპანიებში ადამიანები არ ხვდებიან. ისევე როგორც არ არსებობენ ყოფილი ჩეკისტები, არ არსებობენ ყოფილი მომსახურეები რუსული კომპანიებისა. რუსული დამოუკიდებელი ბიზნესი არ არსებობს, ის პირდაპირ გადაბმულია კრელმთან და ემსახურება კრემლის ინტერესებს. დარწმუნებული ვარ და პირდაპირ განვაცხადე, რომ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური კორუფცია და სააკაშვილის ხიდად ევროპელ პოლიტიკოსებში შეიძლება განვიხილოთ კარლ ბილდტი", - განაცხადა ხაინდრავამ.
მისი თქმით, კარლ ბილდტის მაკომპრომიტირებელ მასალას უახლოეს მომავალში კიდევ ელოდება.