ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებები მედიაზე დიდ სიახლეს არ წარმოადგენს

ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებები მედიაზე დიდ სიახლეს არ წარმოადგენს

პუბლიცისტ ვასილ მაღლაფერიძისთვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებები მედიაზე დიდ სიახლეს არ წარმოადგენს.

ვასილ მაღლაფერიძე "ინტერპრესნიუსთან" კომენტარი გააკეთა ყოფილი პრემერის მოსაზრებაზე, რომელიც მან მედიის თემაზე გამოთქვა.

როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, ჟურნალისტი არის ის, ვისაც კალამი უჭრის, წერს და ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული, მართლაც ტაბუირებული თემა და კასტა.

მისივე განმარტებით, ქართულ და მსოფლიო ჟურნალისიტიკაშიც უამრავი არაპროფესიონალიზმია, ისმის საუბარი გარიგებებზე ხელისუფლებასთან და ეს არც ისე დიდი ხნის წინ იყო. ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ ნებისმიერი ინსტიტუტის გახსნილობისა და მასზე თავისუფლად მსჯელობის მომხრეა.

"ვინ არის, ვინც იტყვის, რომ მედია უნდა იყოს ტაბუდადებული თემა, რომ მედიაზე არ შეიძლება მსჯელობა, რომ ჟურნალისტები არიან განსაკუთრებული ადამიანები. ეს ბანალური ჭეშმარიტებაა", - აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ მან შესაძლოა, სპეციალური გადაცემა და საათებიც მიუძღვნას ანალიზს, თუ როგორია დღევანდელი მედია, ვინ არიან მეპატრონეები, თუ ჟურნალისტები, ვასილ მაღლაფერიძის სვამს კითხვას: ვინ აუკრძალა ნებისმიერ მოქალაქეს, რომ აზრი გამოთქვას მედიაზე?

"თუ ყოფილი გენერალური პროკურორი შეიძლება იყოს ტელევიზიის დირექტორი და ეს არ იწვევს საზოგადოების პროტესტს, ვინ აუკრძალა ნებისმიერ მოქალაქეს, რომ აზრი გამოთქვას მედიაზე. ადრე მეც მეკავა სახელმწიფო თანამდებობა, თქვენ დღეს კომენტარს მეკითხებით, მაშინ მეც არ უნდა მქონდეს აზრის გამოთქმის უფლება", - აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მედია ვერ იქნება ტაბუდადებული თემა

როგორც ივანიშვილი ამბობს, "ძალიან ხშირად შეეხება" ამ თემას და მედიის მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებს დიდ დროს დაუთმობს.

"ძალიან ხშირად მიმიღია საყვედური, რომ ვბედავდი და მედიას ვსაყვედურობდი, მაგრამ მედია ვერ იქნება ტაბუდადებული თემა. მედიაში მომუშავე ადამიანები არიან ჩვეულებრივი ადამიანები - საზოგადოების წევრები და ისინიც უნდა ექვემდებარებოდნენ კონტროლსა და, თუ გნებავთ, კრიტიკას. როგორც ჩემ დროს, როცა ვახერხებდი კრიტიკული აზრი გამომეთქვა, ისე დღეს, თუკი დღევანდელი მთავრობიდან ამას ვინმე მოახერხებს, მიდის საშინელი აჟიოტაჟი, რომ ხდება მედიაზე ძალადობა და ა.შ. რა თქმა უნდა, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მედია თავისუფალი იყოს ხელისუფლებისგან (რადგან ყველაზე მეტად საშიშია, თუ ხელისუფლება ერევა და ძალადობს მედიაზე), მაგრამ ის, რომ ამ თემას ტაბუ დაადო - მედიას არ შეეხო და არ გააკრიტიკო, ეს ვერ მოხდება. მე ძალიან ხშირად შევეხები ამ თემას - ახლავე ვაფრთხილებ ჟურნალისტებს, შეიძლება სპეციალური გადაცემა და საათებიც მივუძღვნა იმის ანალიზს, როგორია დღევანდელი მედია, ვინ არიან მეპატრონეები, თუ ჟურნალისტები. მე ამას არ მოვერიდები. ეს განწყობა ახლავე მიიღონ და შეეგუონ ჟურნალისტები, რომ ისინი არ არიან რაღაც განსაკუთრებული ხალხი, არიან საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები, მათაც შეიძლება შეეშალოთ და იმ სურათს ნუ დახატავენ, რასაც სააკაშვილი აკეთებს, რომ არის პოლიტიკურად დევნილი", - აცხადებს ივანიშვილი.

ყოფილი პრემიერის შეფასებით, მთავრობის წევრის მხრიდან მედიის მისამართით კრიტიკის გამოთქმა "მის სიძლიერედ შეიძლება ჩავთვალოთ".

"ნებისმიერ მოქალაქეს, სადაც არ უნდა მსახურობდეს და რა პოზიციაც არ უნდა ეკავოს, უნდა ჰქონდეს კრიტიკული აზრის გამოთქმის უფლება. თუ ამას ბედავენ და ამ დროს მედიის თავისუფლებას თავს ვერავინ ესხმის, ეს არის იდეალური - თუ ამას მთავრობის წევრი ბედავს და ამავდროულად, არანაირი ნიშანი არაა, რომ მან შეიძლება მედიაზე ზეწოლა მოახდინოს ან მოახდინა, იდეალურია. ე.ი მას სუფთა ზურგი აქვს. ეს მის სიძლიერედ შეიძლება ჩავთვალოთ. ის იწვევს მედიას და უპასუხონ. დღეს ვერავინ იტყვის, რომ მედიასაშულებებს მთავრობის რომელიმე წევრის პასუხის უფლება არ აქვთ", - აღნიშნავს ყოფილი პრემიერი.

ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ თუ მედიას ტაბუ დაედო, ეს ყველაზე დიდი უბედურების მომტანი იქნება.

"ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმისთვის, რომ მედია გახდეს უკეთესი. თუ მას დაედო ტაბუ და მასზე მსჯელობა აიკრძალა, ვერ გავბედეთ, კრიტიკული შენიშვნები გამოვთქვათ, ეს იქნება ყველაზე დიდი უბედურების მომტანი. სწორედ ეს იყო, რასაც მიაღწია სააკაშვილმა – კრიტიკა არ სურდა ამ კაცს, მთელი მედიის მობილიზება მოახდინა და მივიღეთ შედეგი, კატასრტოფისკენ მიყავდა ჩვენი ქვეყანა", - განმარტავს ბიძინა ივანიშვილი.

ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სრული ვერსია გაზეთ "კვირის პალიტრის" 15 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდება. ინტერვიუს სრული ვერსია ასევე 15 სექტემბერს, ორშაბათს, 19:30 საათზე იხილეთ "პალიტრა თV"-ს ეთერში, აუდიო ვერსიის მოსმენა კი იმავე დროს, რადიო "პალიტრაზე", FM 103.9-ზე შეგიძლიათ.