საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აშშ-ში დაგეგმილ შეხვედრებს აუქმებს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი ავრცელებს.
აბაშიშვილის ინფორმაციით, უკვე გააგზავნა წერილები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტსა და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის დაგეგმილი შეხვედრების გაუქმებასთან დაკავშირებით.
"რამდენიმე წუთის წინ ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან საქართველოს პრეზიდენტის 26 სექტემბერს დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების თხოვნით გავაგზავნე წერილი, გუშინ გვიან საღამოს პრეზიდენტ მარგველაშვილისა და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის დოქტორ კიმის ასევე 26 სექტებერს დაგეგმილი შეხვედრის გაუქმება ვითხოვე, დღეს ასევე შევაჩერე საქართველოს პრეზიდენტისა და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის შეხვედრასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები", - აცხადებს აბაშიშვილი.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვიზიტის ჩაშლის შესახებ გუშინ განაცხადა. "მოხდა ისე, რომ მოხდა ძალიან სერიოზული ორგანიზებული მუშაობა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის საწინააღმდეგოდ და მინდა გითხრათ, რომ ამ მუშაობის შედეგად პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკაში არის ჩაშლილი. ეს არის რეალურიად, ჩემი აზრით, არასწორი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა პრეზიდენტის ინსტიტუტის საპირისპიროდ. ჩემი აზრით ეს არის ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია არა ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ გამომდინარე გარკვეული უწყებრივი დაპირისპირებებიდან. რეალურად, თუ ჩვენ წავალთ ამ გზით და თუ ჩვენ შევეცდებით, მონოპოლიზაცია განვახორციელოთ ხელისუფლების რომელიმე ინსტიტუტში, იქნება ეს პრეზიდენტი, თუ სხვა, ჩვენ მივიღებთ იმას, რაც ჩვენ ასე ძალიან არ მოგვწონდა სააკაშვილის ხელისუფლებაში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.