სერგეი ლავროვი - რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში მეორე ჰუმანიტარულ კოლონას გააგზავნის

სერგეი ლავროვი - რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში მეორე ჰუმანიტარულ კოლონას გააგზავნის

რუსეთი, რამდენიმე დღეში, აღმოსავლეთ უკრაინაში მეორე ჰუმანიტარულ კოლონას გააგზავნის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. 
მისივე თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში ჰუმანიტარული ვითარება სულ უფრო უარესდება და არ უმჯობესდება. 

"გვინდა შეთანხმებას მივაღწიოთ მეორე კოლონის იმავე მარშრუტით გაგზავნასთან დაკავშირებით უკრაინელი მესაზღვრეებისა და მებაჟეების მონაწილეობით. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული ვართ, რომ ეს ამ კვირაში უნდა გაკეთდეს", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რუსული მხარე იმედოვნებს, რომ ტვირთის "ხელოვნური შეყოვნება", როგორც ეს პირველ შემთხვევაში იყო, აღარ მოხდება. 
რუსეთის "ჰუმანიტარული ტვირთის" 280 სატვირთო მანქანისგან შემდგარი პირველი ავტოკოლონა რუსეთიდან აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით 12 აგვისტოს დაიძრა. 14 აგვისტოს კოლონა უკრაინის საზღვართან გაჩერდა. გასული კვირის ბოლოს რუსეთის "ჰუმანიტარულმა ტვირთმა" უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. უცხოელ ჟურნალისტთა და თვითმხილველთა განცხადებით, რუსული სატვირთოები ნახევრად ცარიელი იყო. 

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრესსპიკერის ანდრეი ლისენკოს განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი რუსული სატვირთოები უკრაინული სამხედრო ქარხნის "ტოპაზისა" და ლუგანსკის საბრძოლო მასალების ქარხნის მოწყობილობებით იტვირთებოდა და ისე ბრუნდებოდა უკან, რუსეთისკენ.