საგარეო უწყება საპატიო კონსულების უფლებებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საგარეო უწყება საპატიო კონსულების უფლებებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ფანჯიკიძის უწყების განმარტებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილი დოკუმენტი საქართველოში საპატიო კონსულის სტატუსის მქონე პირის უფლებებს არ ზღუდავს.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით ადევნებს თვალს ბოლო დღეების განმალობაში ახალ საპროტოკოლო რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოში მოღვაწე საპატიო კონსულების მიერ გავრცელებულ განცხადებებს. საზოგადოების სწორი ინფორმირების და ამ თემის ირგვლივ დამატებითი ინტერპერტაციების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ განვმარტოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. დიპლომატიური პროტოკოლის სახელმძღვანელო“ წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც თავმოყრილია საქართველოში დიპლომატიური მისიით მყოფი პირის საქმიანობასთან დაკავშრებული საპროტოკოლო წესები და რეგულაციები”, - ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ საპატიო კონსულები აქამდე სარგებლობდნენ იმავე პრივილეგიებით, როგორც კარიერული დიპლომატები, ეს კი სცილდებოდა საკონსულო ურთიერთობათა შესახებ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციის მე-3 თავის ჩარჩოებს, რომლებიც კონკრეტულად საპატიო კონსულებს ეძღვნება. შედეგად, შესაბამისად, ცალკეულ შემთხვევებში ირღვეოდა საქართველოს კანონმდებლობა.

“ჩვენს მიერ შედგენილი დოკუმენტი სრულად არის დაფუძნებული ვენის 1961 და 1963 წლის კონვენციებზე. შესაბამისად, “დიპლომატიური პროტოკოლის სახელმძღვანელოთი“ საპატიო კონსულებს ენიჭებათ ზუსტად ის პრივილეგიები და იმუნიტეტები, რაც მათ საკონსულო ურთიერთობათა შესახებ 1963 წლის 24 აპრილის ვენის კონვენციით ეკუთვნით”, - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო უწყება ცალსახად აღნიშნავს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილი დოკუმენტი არ ზღუდავს საპატიო კონსულის სტატუსის მქონე პირის უფლებებს საქართველოში და პირიქით, ხელს უწყობს მათ  კომპეტენციის ფარგლებში მინიჭებული საქმიანობის განხორციელებაში.

“აწესრიგებს რა სწორედ მათ უფლებებთან დაკავშირებულ, მთელ რიგ ტექნიკური ხასიათის საკითხებს, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მოჰყავს რა აღნიშნული საკითხები საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან და ადგილობრივ კანონდებლობასთან შესაბამისობაში, მიიჩნევს, რომ საქართველოში მოღვაწე საპატიო კონსულებს შეექმნებათ ყველანაირი პირობა საკუთარი საქმიანობა წარმართონ საერთაშორისო და ადგილობრივი ნორმების თანახმად და ამ გზით ხელი შეუწყონ მსოფლიო თანამეგობრობის ცალკეულ ქვეყნებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას”, - აღნიშნულია განცხადებაში.

14 აგვისტოს კონსულებმა პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს წერილი გაუგზავნეს, სადაც ისინი ფანჯიკიძის უწყებას საერთაშორისო კონვენციების დარღვევაში ადანაშაულებენ. მიმართვას ხელს 22 საპატიო კონსულიდან 17 მათგანი აწერს.