იაგო კაზალიკაშვილი – ღვარცოფმა ლარსი ჰესი დამარხა, აქ არ უნდა აშენებულიყო

იაგო კაზალიკაშვილი – ღვარცოფმა ლარსი ჰესი დამარხა, აქ არ უნდა აშენებულიყო

გეოლოგი იაგო კაზალიკაშვილი აცხადებს, რომ დარიალის ხეობაში ღვარცოფის შედეგად მთიდან ჩამოსულმა ინერტულმა მასამ „ლარსი ჰესი“ დამარხა, რაც შესაძლოა მომავალშიც განმეორდეს. მისივე თქმით, რაიონში ყველა ჰესის მშენებლობა ღვარცოფულ მდინარეებზეა დაგეგმილი, რაც არასწორია. 

„ლარსი ჰესი“ ამ ტერიტორიაზე არ უნდა აშენდეს, დაუშვებელია. ჰესზე სამი უზარმაზარი ლოდია მიბჯენილი, ჰესი ჩამარხულია, ხომ უნდა იფიქრონ შედეგებზე? თუ გონიათ, რომ ჰესს ამუშავებენ და ფულს გამოიმუშავებენ, 10 იმდენი გაწმენდით სამუშაოებს სჭირდება. ან ვინ მოიფიქრა ამ ტერიტორიაზე ჰესის ფუნქციონირება?  უაზრობაა. აქ ყოველთვის იქნება მსგავსი მოვლენები. ძირითადად ივლის-აგვისტოში ხდება ხოლმე ასეთი ღვარცოფული მოვლენები. ამას გარდა, რაიონში 13 ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი და თან ყველა ასეთ ღვარცოფულ მდინარეებზე. შეხედავ პატარა ნაკადულია, მაგრამ უცბად ისეთი ხდება, მიაქვს ყველაფერი. ეს არის ფულის წყალში გადაყრა. მე ჰესების აშენების წინააღმდეგი კი არ ვარ, პირიქით. უბრალოდ ჭკვიანურად დაგეგმილი ჰესი ყველას სიამოვნებს, ასე უჭკუოდ მოფიქრებულს კი ცუდი შედეგები მოაქვს.  წინა ღვარცოფზე 5 ადამიანი დაიღუპა, ახლაც დაკარგულები არიან. ამ ჰესებს უკვე „მკვლელი ჰესები“ დაარქვეს“, - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს იაგო კაზალიკაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლის ირაკლი მაჭარაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვის სამინისტროს და ჰესის ადმინისტრაციას 17 მაისს ხეობაში ჩამოწოლილი ღვარცოფის შემდეგ ჰესის მშენებლობა უნდა შეეჩერებინა.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 აგვისტოს, 22 საათზე, დარიალის ხეობაში უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად წინა, 17 მაისის ღვარცოფული მოვლენის დროს დარჩენილი მასის გადმოტანა მოხდა. დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მიმდებარე ტერიტორია დატბორილია. არსებული ინფორმაციით დაკარგულია 2 ადამიანი, ერთი საქართველოს, მეორე კი თურქეთის მოქალაქეა. ისინი ჰესის მშენებლობაზე მუშაობდნენ.