"სითი პარკი" თბილისიდან წასვლას არ აპირებს

კომპანია "სითი პარკი" თბილისიდან წასვლას არ აპირებს, - ასე უპასუხა კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, ბენი ლაჰავიმ თბილისის მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ მან კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თავად თქვას. 

"მადლობთ რჩევისთვის, მაგრამ ჩვენ თბილისის დატოვებას არ ვაპირებთ. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება და გავაგრძელებთ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას", - განაცხადა "სითი პარკის" გენერალურმა მენეჯერმა. 

მისივე განმარტებით, ის ითხოვს თუნდაც ერთ მინიშნებას იმასთან დაკავშირებით, რა ვალდებულება არ სრულდება კომპანიის მხრიდან. 

"ჩვენ ვასრულებთ ყველა ვალდებულებას და პრეტენზიებს ვერ მივიღებ", - აღნიშნა მან.

"სითი პარკის" ხელმძღვანელების შეხვედრა დედაქალაქის მთავრობისა და საკრებულოს წევრებთან თბილისის მერიაში იმართება. შეხვედრას უძღვება დავით ნარმანია, რომელმაც ასევე გამოთქვა კრიტიკული შენიშვნები კომპანიის მიმართ. კონტრაქტზე ნებაყოფლობით უარის თქმისკენ კი, კომპანიას საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მოუწოდა.