1992 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, მსოფლიოში 1070 ჟურნალისტი მოკლეს

1992 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, მსოფლიოში 1070 ჟურნალისტი მოკლეს

"ისლამური სახელმწიფოს" მიერ ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოლის მკვლელობის ფაქტს ორგანიზაცია "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი" ეხმაურება.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კომიტეტი გმობს ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობას, რომელიც 2012 წლის ნოემბერში სირიაში გაიტაცეს.

"ჟურნალისტ ჯეიმს ფოლის ბარბაროსული მკვლელობა, რომელიც სირიაში გაიტაცეს და ორი წელი ჰყავდათ ტყვეობაში, ყველა წესიერი ადამიანის აღშფოთებას იწვევს", - ნათქვამია "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" განცხადებაში.

ორგანიზაციის მონაცემებით, 1992 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, მსოფლიოში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სულ მცირე 1070 ჟურნალისტი მოკლეს. ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე მეტი – 165 ჟურნალისტი ერაყში მოკლეს, სირიაში – 66 ჟურნალისტი, რუსეთში – 56, ავღანეთში – 26.

"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" ინფორმაციით, მოკლული ჟურნალისტების 45% პოლიტიკას, 38% - ცხელ წერტილებში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა, 22% კი კორუფციის თემებზე მუშაობდა.