გენშტაბის უფროსს პრეზიდენტი დანიშნავს, თუ თავდაცვის მინისტრი, პრობლემას არ წარმოადგენს

გენშტაბის უფროსს პრეზიდენტი დანიშნავს, თუ თავდაცვის მინისტრი, პრობლემას არ წარმოადგენს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის აზრით, გენერალური შტაბის უფროსს პრეზიდენტი დანიშნავს, თუ თავდაცვის მინისტრი , ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

მისივე შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის უფლებების  შეზღუდვა არ იზღუდება.

"მე ვფიქრობ, რომ პრობლემას არ წარმოადგენს, გენერალური შტაბის უფროსს პრეზიდენტი დანიშნავს, თუ თავდაცვის მინისტრი. არ მგონია, რომ პრეზიდენტის უფლებები იზღუდებოდეს. ამასთან დაკავშირებით ბატონმა შალვა თადუმაძემ ძალიან კარგი განმარტება გააკეთა. ასე რომ, ის აჟიოტაჟი, რომელიც არის ატეხილი, თითქოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები იზღუდებოდეს, სიმართლეს არ შეესაბამება",- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება უშიშროების საბჭოს, ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, ის მნიშვნელოვანი ორგანოა.

"უშიშროების საბჭო მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. საბჭო გასული წლების განმავლობაშიც მუშაობდა, ახლაც აგრძელებს მუშაობას და მომავალშიც გააგრძელებს", - განმარტა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ.

არსებული ინფორმაციით, "თავდაცვის შესახებ" კანონში ცვლილება უნდა შევიდეს, რომლის მიხედვითაც, გენშტაბის უფროსი ანგარიშვალდებული იქნება არა მთავარსარდლის, არამედ პრეზიდენტის წინაშე.

რაც შეეხება ეროვნული უშიშროების საბჭოს, სექტემრიდან მან განახლებული ფორმატით უნდა იმუშაოს.

უშიშროების საბჭოს შესახებ საკუთარი ხედვა გუშინ უკვე წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტმა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უშიშროების საბჭოს შემადგენლობა უნდა გაფართოვდეს. პრეზიდენტი საბჭოს მუდმივმოქმედი შემადგენლობის გაფართოების საჭიროებას ხედავს და მიიჩნევს, რომ მას პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე თავდაცვისა და საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელებიც უნდა დაემატონ.