მიგელ საგიერის და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა

მიგელ საგიერის და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა

პარაგვაის სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიგელ საგიერის და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა ოპოზიციური, ლიბერალური პარტიის ოფისში გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პარაგვაელ დეპუტატს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა და მეგობრობა ქვეყნებს შორის წარმატებულად და ნაყოფიერად წარიმართება. შეხვედრაზე საუბარი ორი ქვეყნის მძიმე ისტორიულ წარსულს და დიდ მეზობელ ქვეყნებთან პრობლემურ ურთიერთობებსაც შეეხო. აღინიშნა, რომ საგარეო პოლიტიკური საქმიანობის გაზიარება ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო და საინტერესო იქნება. ქართულმა დელეგაციამ ვიზიტის განმავლობაში გამართული შეხვედრები მიმოიხილა და იმ მიმართულებებზე ისაუბრა, სადაც ორ ქვეყანას თანამშრომლობის პერსპექტივები აქვთ.

საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრით საპარლამენტო დელეგაციამ პარაგვაის რესპუბლიკაში ორდღიანი სამუშაო ვიზიტი დაასრულა. სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ქართველი დეპუტაცია სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს. ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაცია ხვალ ბუენოს აირესს ეწვევა და სამუშაო შეხვედრებს არგენტინის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს.