"კაზანტიპის" მოწინააღმდეგეები კანცელარიისკენ მიემართებიან

დეკანოზ დავით ისაკაძის განცხადებით, "კაზანტიპი" ადამიანის სულიერ დაცემას ემსახურება. როგორც პარლამენტის წინ აქციის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას დეკანოზმა დავით ისაკაძემ განაცხადა, "კაზანტიპი" სახიფათოა ყველა ადამიანისათვის. 

მისივე თქმით, იგი სასულიერო პირია და გული შესტკივა თითოეულ ადამიანზე, რომელიც შეიძლება მოხვდეს ამ საშინელ ვითარებაში და ჩავარდეს უმძიმეს ცოდვაში. დეკანოზის თქმით, ყველა აგებს პასუხს, "კაზანტიპის" ორგანიზატორი, ხელშემწყობი და მონაწილეები. 

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობიდან სახელმწიფო კანცელარიისკენ მიემართებიან. მანამდე მათ ხელი მოაწერეს პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვის ტექსტს, რომელსაც კანცელარიაში მიიტანენ და ჩააბარებენ. ასევე კანცელარიასთან მოხდება პარაკლისის გადახდა. 

"კაზანტიპის" საწინააღმდეგო აქციაში სასულიერო პირები და მოქალაქეები მონაწილეობენ. მათ თან აქვთ პლაკატები, რომლითაც "კაზანტიპის" გამართვას აპროტესტებენ.