მამუკა ნიკოლაიშვილი - ჩამოდი, გირაოთი გამოგიშვებთ - მე ეს არ მინდა

მამუკა ნიკოლაიშვილი - ჩამოდი, გირაოთი გამოგიშვებთ - მე ეს არ მინდა

ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა მამუკა ნიკოლაიშვილმა შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვას, - ამის შესახებ მამუკა ნიკოლაიშვილმა ТV-3"-ის ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემა "დიდ პოლიტიკაში" ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით იგი შეხვდა მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს, მის მოადგილეებს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიას, თუმცა მათგან კონკრეტული პასუხები ვერ მოისმინა.

"გამომძიებლიდან გენპროკურორამდე ყველასთან მაქვს საუბრები ჩატარებული ჩამოსვლის თემაზე. ნასაუბრები მაქვს არჩილთან, მის მოადგილეებთან და გამომძიებლებამდეც ვარ დასული, მაგრამ ვერ გავიგე. ჩამოდი, გირაოთი გამოგიშვებთ - მე ეს არ მინდა. იყო საუბარი იმაზეც, რომ არჩევნებამდე "ნაციონალები" აყვირდებიან და არ უნდა ჩამოვსულიყავი. მინდა საქართველოში ჩამოვიდე იმ სიმართლით, რომელიც არის ჩემში", – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

მისივე თქმით, მან წერილით პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა, თუმცა მისგან პაუსხი არ მიუღია. "რადგან ხელისუფლებას არ უნდა ამ საკითხის გადაწყვეტა, მე პასპორტი აღარ მაქვს და სხვა გზა არ დამრჩება, პირველი წერილი, რომელიც დაიდება ახალი პრეზიდენტის სახელზე, იქნება ჩემი მოქალაქეობის შეწყვეტაზე და უარს ვიტყვი საქართველოს მოქალაქეობაზე, სხვა გზა არ მრჩება, ჰაერში ხომ არ გამოვეკიდები?! ჩემი სამშობლო პასპორტს არ მიგრძელებს. მე აქ ადვოკატებთან და უამრავ ჩემს მეგობართან მქონდა საუბარი. ყველა მეუბნება, რომ ცოტა ხანი ვაცადოთ, თვითონ არ არიან ჩამოყალიბებულები", – აღნიშნა ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა.

მამუკა ნიკოლაიშვილი ინგა გრიგოლიას გადაცემაში პარიზიდან ჩაერთო.