ელენე ხოშტარია - შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი საერთაშორისო რეაქციის მობილიზებაა

ელენე ხოშტარია - შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი საერთაშორისო რეაქციის მობილიზებაა

თუ ჩვენ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში არსებულ პროგრესზე ვისაუბრებთ, წინ ვერ წავალთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას საქართველოს რეფორმების ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ განუცხადა.

მისი თქმით, შექმნილი ვითარებიდან კონკრეტული გამოსავალი სიტუაციის სწორ შეფასებასა და საერთაშორისო რეაქციის მობილიზებაში მდგომარეობს.

"თუ ჩვენ სიტუაციას სწორად არ შევაფასებთ და ვისაუბრებთ იმაზე, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში პროგრესია, წინ ვერ წავალთ. სწორი შეფასების პირობებში კი შესაძლებელია საერთაშორისო ზეწოლის მობილიზება, რაც ყოველთვის მოქმედებს რუსეთზე. ამავდროულად, საერთაშორისო რეაქციის მობილიზებისთვის აუცილებელია ალარმიზაცია - ჩვენ მხოლოდ ქართული ტელევიზიების ეთერში კი არ უნდა ვთქვათ, რომ ეს ცუდია, უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ბერკეტი – გაერო-ში, ევროკავშირში, ნატო-ში, ევროსაბჭოში. ეს უნდა იყოს დიდი დიპლომატიური ბლიც ძალისხმევა, რათა ყველას გავაგებინოთ, რომ რუსეთი ჩვენი მხრიდან ურთიერთობების დარეგულირების მცდელობის მიუხედავად აგრძელებს აგრესიულ საოკუპაციო პოლიტიკას და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევას", - განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით, ამ ორი პირობის შესრულების შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება, რუსეთზე ზეწოლა არ განხროციელდეს, რასაც შედეგი ყოველთვის მოაქვს.

ელენე ხოშტარიას შეფასებით, ქართული მხარე აღნიშნულ პრობლემას სათანადოდ არ ახმოვანებს, რაც არასწორია.

"დღეს საუბარი იმაზე, რომ გამოსავალი არ არის, მაშინ, როდესაც ჩვენ თვითონ არ ვახმოვანებთ ამ პრობლემას სათანადოდ, ძალიან არასწორია. ამ საკითხის გარშემო უნდა იყოს სრული კონსოლიდაცია პოლიტიკურ სპექტრში. მთავრობის მხრიდან იმაზე საუბარი, რომ ეს პრობლემა სააკაშვილის დანატოვარია, არასწორია, რადგან ვხედავთ, რომ რუსეთის პოლიტიკა ნებისმიერი მთავრობის პირობებში იგივე რჩება. იმავეს ვიტყვი "ნაციონალურ მოძრაობაზე". იმის თქმა, რომ რაც ხდება, მხოლოდ მთავრობის ბრალია, არასწორია. ორივე პარტიამ ვიწრო ინტერესები უნდა გადადოს, რადგან საჭიროა ძალისხმევის კონსოლიდაცია", - აღნიშნა ხოშტარიამ.

მისი განმარტებით, პროცესში კონკრეტული საერთაშორისო მექანიზმების ჩართვას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება და ქართული დიპლომატიური კორპუსის აქტიურობის შემთხვევაში მოკლე ვადებში რეაგირება შესაძლებელია.

"ძალიან მოკლე ვადაა საჭირო, რომ საგანგებო სხდომა მოითხოვო ნატო-ში და ახსნა იმით, რომ რუსეთისგან საფრთხე მოდის. ძალიან მოკლე ვადა უნდა იმას, რომ შენს დიპლომატიურ კორპუსს ყველა ქვეყანაში სპეციალური განცხადებების გაკეთება დაავალო და დასავლეთისგან განსაკუთრებული ზომები მოითხოვო. განსაკუთრებული ვადები არ სჭირდება გაეროში, ჟენევაში, ეუთოში სპეციალური მექანიზმების ამუშავებას, რაც მთლიანობაში რუსეთზე ზეწოლას მოიტანს. ამ შემთხვევაში რაღაც ზოგადზე არ ვსაუბრობ, ეს ძალიან კონკრეტული მექანიზმებია", - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.