თეა წულუკიანი - საქართველო მტკაველი მიწის დაკარგვას არ შეეგუება

თეა წულუკიანი - საქართველო მტკაველი მიწის დაკარგვას არ შეეგუება

"თუ მცოცავი ოკუპაცია რუსეთის მხრიდან განიხილება ჩვენზე ზეწოლად, რომ ევროკავშირის გეგმებზე ვთქვათ უარი, ჩვენ ამაზე უარს არ ვიტყვით და არც საკუთარ ტერიტორიებს დავთმობთ" , - აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შიდა ქართლში საოკუპაციო ზოლის გადმოწევის, ე.წ. საზღვრის გავლის პროცესის შეფასებისას გააკეთა. 

მინისტრის თქმით, საქართველოს ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო მეგობრების მკვეთრი განცხადებები სჭირდება, რათა რუსეთმა გაიგოს, რომ საქართველო არაფრის ფასად მტკაველი მიწის დაკარგვას არ შეეგუება.

"ბრიუსელში ვიზიტისას როგორც კომისარ ფულესთან, ასევე კომისარ მალმსტრომთან მცოცავ საზღვარზე ვისაუბრე. ევროკავშირი დღეს ცალსახად ამბობს იმას, რაც აქამდე არ ითქვა, რომ რაც ხდება მიუღებელია. ჩვენ, ევროკავშირისა და სხვა მეგობრების ამგვარი მკვეთრი განცხადებები ძალიან გვჭირდება, რათა რუსეთმა ცალსახად გაიგოს, რომ არაფერის ფასად საქართველო მტკაველი მიწის დაკარგვას არ შეეგუება. ჩვენ მშვიდობიანი გზით - ყველა შიდა თუ საერთაშორისო ბერკეტის გამოყენებით, მათ შორის რუსეთთან დიალოგით, მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი ტერიტორია, რაც შეიძლება მალე იყოს დეოკუპირებული", - განუცხადა ჟურნალისტებს წულუკიანმა.