ზურაბ აბაშიძე - მოსკოვისთვის არანაირი საფასური არ გადაგვიხდია

ზურაბ აბაშიძე - მოსკოვისთვის არანაირი საფასური არ გადაგვიხდია

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებისთვის , მიმოსვლის აღდგენისა და სხვა საკითხების გადაჭრისთვის, ოფიციალურ თბილისს მოსკოვისთვის არანაირი საფასური არ გადაუხდია.

"ხშირად მეკითხებიან მიმოსვლის აღდგენისთვის, პროდუქციის დაბრუნებისთვის რა არის საფასური, რომელსაც ვიხდით, მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ არანაირი საფასური არ გადაგვიხდია, არანაირი დათმობა ჩვენი მხრიდან არ ყოფილა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე განმარტებით, კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარების მოგვარების კუთხით, სერიოზულ ცვლილებებს უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ, თუმცა ვფიქრობთ, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით ამ რთული პრობლემის მოგვარებაც შესაძლებელი გახდება.

"არ უნდა ველოდოთ სწრაფ ცვლილებას განსაკუთრებით კონფლიქტურ რეგიონებთან შექმნილი პრობლემის მოგვარების კუთხით, მაგრამ, ალბათ, მაინც იქნება წინსვლა პატარ-პატარა ნაბიჯებით, თუმცა ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი. ჩემი და გრიგორი კარასინის შეხვედრების ფორმატი პოზიტიური მუხტის მატარებელია, მაგრამ ამის პარალელურად ვხედავთ საპასუხო ნაბიჯებს ადმინისტრაციულ საზღვრებზე, მავთულხლართების გაბმის და კედლის მშენებლობის სახით. ვთვლით, რომ ესაა ჩვენი სუვერენტიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევა, თუმცა ამასთან დაკავშირებით, რუსეთს თავისი პოზიცია აქვს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე განმარტებით, მოსკოვი დიცსა და დვანში მიმდინარე პროცესებს, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან სასაზღვრო ზოლის ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებით ხსნის.

"მოსკოვის პოზიცია ასეთია - ისინი ამბობენ, რომ 2008 წელს მათ გამოაცხადეს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, მათთან სხვადასხვა სახის ხელშეკრულება გააფორმეს, მათ შორის სასაზღვრო ზოლის ინფრასქტურქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით და ის პროცესები, რაც საოკუპაციო ზოლთან ახლა მიმდინარეობს, სწორედ ამის ფარგლებში ხდება. რის გამოც ისინი თვლიან, რომ ამით არანაირი საერთაშორისო ნორმა არ ირღვევა", - აღნიშნა რუსეთთან ურთიერთობების საკითხში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
მისივე შეფასებით, სად არის გამოსავალი, ჯერჯერობით არ ჩანს.

"როგორ უნდა მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა ჯერჯერობით არ ჩანს. ერთადერთი რაც მკაფიოა, ის არის, რომ ჩვენ უნდა ვიდგეთ მტკიცედ და ამას არანაირად არ უნდა შევეგუოთ. სხვათა შორის, როცა საუბარია, რომ 200 მეტრი მიითვისეს, 600 მეტრით გადმოწიეს საზღვარი, ჩემი აზრით, ეს არასწორი მიდგომაა, ჩვენ არ ვსაუბრობთ 600-700 მეტრზე, საუბარია 20 000 კვ.კმ-ზე. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირის დროს დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებსაც კი არ სცემს პატივს, ეს აორმაგებს და აათმაგებს მის პასუხისმგებლობას", - აღნიშნა აბაშიძემ.

მისივე განმარტებით, დიალოგი უნდა გაგრძელდეს. გარდა ამისა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ აბაშიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საოკუპაციო ზოლთან ე.წ.საზღვრების მშენებლობა იმ გადაწყვეტილებების გაგრძელებაა, რაც რუსეთმა 2008 წელს მიიღო.

"ე.წ.საზღვრების მშენებლობა 2008 წლის ომთან არის დაკავშირებული და ეს პოლიტიკის საპასუხო ნაბიჯები და ჟესტები არ გახლავთ. ესაა პასუხი იმისა, რაც მოხდა 2008 წელს და გაგრძელება იმ გადაწყვეტილებებისა, რაც რუსეთის ხელისუფლებამ მაშინ მიიღო, რომ ხელი შეეწყო ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებისა და მათი რეალიზებისთვის", - განაცხადა აბაშიძემ და იქვე განმარტა, რომ აღნიშნულზე ქართული მხარის პასუხი ის არის, რომ არანაირი სახელმწიფო საზღვარი რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის არ არსებობს.