ზურაბ აბაშიძემ საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა

ზურაბ აბაშიძემ საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის სახელით, საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა. 

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე აბაშიძემ აღნიშნა, ამჯერად ის შეხვედრაზე მეტ-ნაკლებად კმაყოფილი მიდიოდა, მაგრამ ის, რაც წინა დღეებში საოკუპაციო ზოლზე მოხდა, რა თქმა უნდა, შეხვედრას ძალიან უარყოფით ფონს უქმნიდა.

მისი თქმით, ყოველი ასეთი შეხვედრის წინ საოკუპაციო ზოლთან ვითარების განსაკუთრებული დაძაბვა ხდება.

"მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პრობლემების განხილვა ჩვენს მანდატში არ შედის, ჩვენ ამას გვერდს ვერ ავუვლიდით და საქართველოს მთავრობის სახელით გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება, მკვეთრად უარყოფითი პოზიცია იმასთან დაკავშირებით რაც საზღვრებთან ხდება", - აღნიშნა აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძემ და გრიგორი კარასინმა რიგით მეოთხე შეხვედრა პრაღაში, 19 სექტემბერს გამართეს.