ჯანდაცვის მინისტრი მედიკამენტების ხარისხის კონტროლის პრობლემას პირველად

ჯანდაცვის მინისტრი მედიკამენტების ხარისხის კონტროლის პრობლემას პირველად "კომერსანტთან" ადასტურებს

ამ მიზეზით საქართველოში უცხოური ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლა ჭიანურდება

ქართულ ბაზარზე მედიკამენტების ხარისხის კონტროლის პრობლემას, რომელზეც წლებია ექსპერტებსა და მოსახლეობაში აქტიური საუბრები მიმდინარეობს, ჯანდაცვის მინისტრი პირველად commersant.ge–სთვის მიცემულ კომენტარში ადასტურებს.

ეს თემა დავით სერგეენკომ მას შემდეგ წამოსწია, რაც მას „კომერსანტმა“ უცხოური ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა.

რატომ ჭიანურდება ჯერ კიდევ თვეების წინ, პრემიერის მიერ დაანონსებული ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლა? აღნიშნულ კითხვაზე პასუხისას, მინისტრი აღნიშნავს, რომ ბაზარზე ხარისხის კონტროლის პრობლემაა და სწორედ ამით ხსნის სერგეენკო მსხვილი უცხოური კომპანიის შემოსვლის გაჭიანურებას.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა commersant.ge–სთან საუბარში აღნიშნა, ხარისხის გამართული კონტროლის გარეშე ბაზრის ახალ მოთამაშეებზე საუბარი ნაადრევია, ვინაიდან სამინისტროს მიერ მოწვეულმა საერთაშორისო სპეციალისტებმა ქართულ ბაზარზე ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორზე გაამახვილეს, როგორიც ხარისხის კონტროლის გაუმართაობაა.

„მოლაპარაკების პროცესი მეორე მხარეზეცაა დამოკიდებული. ამ თვეების განმავლობაში სამინისტროს მიერ მოწვეულმა საერთაშორისო სპეციალისტებმა ექსპერიმენტული შეფასება გააკეთეს, რომელმაც ბაზარზე ხარისხის კონტროლის გაუმართაობაზე მიუთითა, თუმცა კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს,“ – აცხადებს სერგეენკო.

შეგახსენებთ: პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონალურ მედიასთან შეხვედრაზე საქართველოში უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლა დააანონსა. მისი განცხადებით, ამ კომპანიის ხელმძღვანელობა მისი ძველი ნაცნობები არიან და მათთან უკვე ჰქონდა საუბარი, რომ საქართველოში შემოსვლის შემდეგ მაქსიმალურად მოხდეს მედიკამენტებზე ფასების დაწევა, თუმცა პრემიერის განმარტებით, ამ კომპანიის შემოსვლით ბაზრის ორი მსხვილი მოთამაშე არ დაზარალდება.