"ვინც ხელისუფლებაში მოვიყვანეთ, ზურგი შეგვაქცია, ჩვენ მარტო არჩევნების დროს ვჭირდებით"

იური ვაზაგაშვილი:

- იმედი ნაწილობრივ დაკარგული მაქვს, მაგრამ ყველაზე საშინელი იცით, რა არის? ხედავ, რომ გღალატობენ და გღალატობს ის ხალხი, ვინც შენ გვერდით იყო და იმ დაღუპული ბიჭების სისხლით ქულებს იწერდა. ხედავ, რომ ვინც ხელისუფლებაში მოვიყვანეთ, ზურგი შეგვაქცია. ჩვენ კარგი, მაგრამ მათ მთელ ქვეყანას შეაქციეს ზურგი. ჩვენ ისევ თავიდან დავიწყეთ ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ. ეს ჩვენ არ უნდა დაგვჭირვებოდა. საშინელებაა, როცა ხედავ, რომ მათ არც ქვეყანა აინტერესებთ, არც სამართლიანობა და მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ფიქრობენ. საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ჩვენ მარტო არჩევნებისთვის ვჭირდებით. ხელისუფლებაში რომ მოვლენ, მერე ისევ ბარიკადები იმართება ჩვენსა და ხელისუფლებას შორის. ქუჩაში დახოცილი შვილების მშობლებმა ვიცოდით, რომ "ნაციონალების" სახით მტრები გვყავდა. შვილები მოგვიკლეს. 25 ათასი საჩივარია შესული პროკურატურაში და ერთი საქმე არაა ბოლომდე მიყვანილი.

- ზოგი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ახალი კადრების არაპროფესიონალიზმისა და უსუსურობის ბრალია.

- ვერ დაგეთანხმებით. ვისაც იმის თავი აქვს, რომ შავი საქმეები ათეთროს და ისევ ადგილებზე დარჩნენ, მათ პროფესიონალიზმი და ცოდნა არ აკლიათ. ახალ ხელისუფლებაში მათ მფარველი გამოუჩნდათ. ყველაფერს ამერიკასა და ევროპას ვერ დავაბრალებთ. ვერ დავიჯერებ, რომ ევროპიდან და ამერიკიდანაა მითითება, მკვლელი არ დასაჯოთო. დაიჭირეს ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია და ბრალდებას არ უმაგრებენ. მეც რომ ვიყო ევროპელი, ვიტყოდი, საქართველოში პოლიტპატიმრები ჰყავთ-მეთქი. ვინ აკეთებს ამას, პროკურატურა და ვისი მითითებით? ეს უკვე ღმერთმა იცის.