ოლეგ მელნიკოვს დღეს ადვოკატი მოინახულებს

ოლეგ მელნიკოვს დღეს ადვოკატი მოინახულებს

უკრაინიდან დღეს ექსტრადირებულ ოლეგ მელნიკოვს ადვოკატი დღეს მოინახულებს. როგორც ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკრაინის ციხიდან ექსტრადირების შემდეგ, გლდანის N8-ე დაწესებულებაში მოათავსეს.

მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, ოლეგ მელნიკოვის რამდენიმე ბრალდებაზე, სასამართლო პროცესი 15 ოქტომბერს არის ჩანიშნული, თუმცა სავარაუდოდ, მისი გადმოტანა მოხდება და პროცესი მანამდე ჩაინიშნება.

საუბარია მელნიკოვის ბრალდებაზე, რომელიც ე.წ. მოდულის შენობაში 2 პოლიციელის ცემის ფაქტს ეხება, სადაც მასთან ერთად ბრალდებულია დათა ახალაიაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი, სანდრო გირგვლიანის საქმეზეც არის ბრალდებული, თუმცა ამ დრომდე, ადვოკატის ინფორმაციით, ამ საქმეზე მას აღმკვეთი ღონისძიება შეფარდებული არ აქვს.

"მელნიკოვს იმისთვის უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა, რომ სასამართლო პროცესებზე გამოცხადდეს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს", - განაცხადა ველიჯანაშვილმა.
შსს-ს ინფორმაციით, 2012 წლის 7 დეკემბერს უკრაინაში, ქალაქ კიევში, უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა, საქართველოს ინტერპოლიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, 1966 წელს დაბადებული ოლეგ მელნიკოვი დააკავეს.

ოლეგ მელნიკოვი დაპატიმრების და საქართველოში შემდგომი ექსტრადიციის მიზნით ინტერპოლის თბილისის ბიუროს მიერ საერთაშორისო ძებნაში 2012 წლის 5 დეკემბრიდან იმყოფებოდა.

ოლეგ მელნიკოვს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე–3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის ივლისში ოლეგ მელნიკოვს ბრალი წაეყენა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სსსკ-ს 24-143-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით და მე-2 ნაწილის "ა", "გ" და "ზ" ქვეპუნქტებით (დახმარება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის
მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით).