"დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ, აფხაზ და ოს ძმებთან ჩატეხილი ხიდების აღდგენას"

ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ დიღმის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც ბაბუშერას აეროპორტში დაღუპულთა საფლავები გვირგვინით შეამკო და ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

"დღეს არის ძალიან ტრაგიკული დღე საქართველოს უახლესი ისტორიისა, ძალიან მტკივნეული დღე, როდესაც ტრაგიკულ ომში ძმებს შორის, ქართველებსა და აფხაზებს შორის, ჩვენი სამშობლოს ათობით დამცველი დაიღუპა ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, კიდევ ერთხელ მოვიხარო ქედი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც სამშობლოსთვის გაწირა თავი. ყველაზე სამწუხაროა ის, რომ ამდენი წლის შემდეგ ჩვენ კვლავ ვდგავართ გადაუწყვეტელი პრობლემის წინაშე. მინდა, ყველას ვთხოვო, რომ მომავალში ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რათა ის ბიჭები, რომლებიც თავიანთ მიწა-წყალზე დაიღუპნენ, გადმოსვენებულნი იყვნენ აქ, თავიანთ მშობლებთან და ოჯახებთან ახლოს; დაფასდეს ყველა ის ოჯახი, ყველა დედა, რომელმაც სამშობლოსთვის შვილი გაწირა. არ შეიძლება, სამშობლოსთვის მეომრების დაყოფა იმის მიხედვით, ვინ რომელი პრეზიდენტის დროს იბრძოდა, ვინ რომელი პრეზიდენტის დროს დაიღუპა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისევე, როგორც ამ ქალბატონებმა შეძლეს, დაღუპული აფხაზი ბიჭების დედებს დალაპარაკებოდნენ, ერთმანეთისთვის მიესამძიმრებინათ, ხელი ჩამოერთმიათ, ჩვენც შევძლებთ აფხაზ თანამემამულეებთან საერთო ენის გამონახვას, ერთმანეთისთვის ბოდიშის მოხდას და იმის აღთქმას, რომ არასოდეს ძმათა მკვლელი ომი აღარ განმეორდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ჩატეხილი ხიდების აღდგენას და ჩვენ შევძლებთ ჩვენი სამშობლოს გაერთიანებას", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.