საკრებულოს უმრავლესობამ ბაბუშერას ტრაგედიისას დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგო

საკრებულოს უმრავლესობამ ბაბუშერას ტრაგედიისას დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგო

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა, 20 წლის წინ, ბაბუშერას აეროპორტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგეს. საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატებმა მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს. 

დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა დღესვე მათი სახელობის მუზეუმი დაათვალიერეს და სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გააკეთეს.

საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი დღე არის ტრაგიკული და ძალიან დრამატული.

"ომის საშინელებისგან თავის დაღწევის მსურველი ადამიანები მტრის სისხლმოწყურებულმა ტყვიამ კვლავ ომის საშინელებაში დააბრუნა. ძალიან ბევრი გმირი ჰყავს ამ დღეს, მათ შორის ჩემი ოჯახის ახლობელი ერეკლე დანელია, რომელიც ჩამოვარდნილი თვითმფრინავიდან გადარჩა და თავად ცდილობდა გადარჩენილი ბავშვების და ქალების ხომალდიდან გამოყვანას, თუმცა ამ მომენტში ისიც გარდაიცვალა. მასთან ერთად ამ ტრაგედიას ბევრი ადამიანი შეეწირა და სწორედ მათთვის პატივის მისაგებად მოვედით დღეს, აქ, თბილისის საკრებულოს წევრები. იმედი მაქვს მათი მსხვერპლად გაღებული სიცოცხლე იქნება მყარი ფუნდამენტი ახალი, განვითარებული და მშვიდობიანი საქართველოს არსებობისთვის", - აღნიშნა გაბუნიამ.

ბაბუშერას ტრაგედიიდან დღეს 20 წელი გავიდა. აფხაზეთში მდებარე აეროპორტში 1993 წელს ჩამოგდებულ თვითმფრინავში ასზე მეტი ქართველი მებრძოლი იმყოფებოდა. ლაინერს ჯარისკაცები აფხაზეთის დასაცავად გადაჰყავდა, როდესაც რუსმა სამხედროებმა თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპული მეომრების ნაწილი დიღმის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.