საქართველოს ხვალ ესპანური საინვესტიციო კომპანიების დელეგაცია ეწვევა

საქართველოს ხვალ ესპანური საინვესტიციო კომპანიების დელეგაცია ეწვევა

საქართველოს ხვალ ესპანური საინვესტიციო კომპანიების დელეგაცია ეწვევა, რომელიც 300 მილიონამდე ევროს ინვესტირებას გეგმავს. ბიზნესმენთა ჯგუფი საქართველოში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ბიზნესმენის, ივა ჩიღვინაძის ინიციატივით ჩამოდის. 

როგორც ჩიღვინაძემ "ინტერპრესნიუსს" აცნობა, ამაღამ თბილისს საინვესტიციო კომპანია "პერფაკო გრუპისა" და მისი შვილობილი კომპანიის, "მეტრონიას" წარმომადგენლები, მათ შორის კომპანიების პრეზიდენტები ეწვევიან. ისინი ხვალ, 11:00 საათზე ეკონომიკის სამინისტროში მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას გამართავენ.

ჩიღვინაძის ინფრმაციით, ხვალვე ბიზნესმენთა ჯგუფს შეხვედრა აქვს დაგეგმილი ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან. "ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში ტურიზმის სფეროს, სასტუმროებისა და გასართობი ცენტრების ინვესტირებას გეგმავენ, ჩემი ძველი პარტნიორები არიან, რომლებთანაც ურთიერთობა მქონდა. 15 წლის განმავლობაში სათამაშო ბიზნესის ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ვიყავი. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყოფილმა ხელისუფლებამ სხვადასხვა მაქინაციებით უკანონოდ ჩამომართვა ბიზნესი და ქონება. არ ვმუშაობ მხოლოდ ჩემი ქონების დასაბრუნებლად, პარალელურ რეჟიმში ვცდილობ მოვიზიდო ახალი პარტნიორები და ინვესტორები, რითაც დავეხმარები ქართულ ეკონომიკას", - განაცხადა ივა ჩიღვინაძემ.

მისი ინფორმაციით, ბიზნესკომპანიები "პერფაკო გრუპი" და "მეტრონია" არიან კომპანიები, რომლებსაც ძირითადად ურთიერთობები აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში აქვთ, თუმცა, საქმიანობას ევროპაშიც ახორციელებენ. ამასთან, ჩიღვინაძის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ესპანურმა კომპანიებმა ინვესტიციები საქართველოში საწარმოებშიც ჩადონ.