რიჩარდ ნორლანდი ხელისუფლებას და ოპოზიციას ურჩევს, ჰამებერგის რეკომენდაციების განხორციელების გზები ერთად მოიფიქრონ

რიჩარდ ნორლანდი ხელისუფლებას და ოპოზიციას ურჩევს, ჰამებერგის რეკომენდაციების განხორციელების გზები ერთად მოიფიქრონ

საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ხელისუფლებას და ოპოზიციას ურჩევს, დასხდნენ და ერთად მოიფიქრონ იმ რეკომენდაციების განხორციელების გზები, რომელსაც საკუთარი ანგარიშით თომას ჰამერბერგი იძლევა.

"მინდა მივულოცო თომას ჰამერბერგს ის, რომ მან წარმოადგინა ყოვლისმომცველი და მნიშვნელოვანი დასკვნა. ვფიქრობ, ახლა ქართული საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიცია და მთავრობა დასხდეს და მოიფიქროს, თუ როგორ უნდა განახორციელონ რეკომენდაციები, რომლებიც ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეეხება, მათ შორის ჰომოფობიას, ისლამოფობიას, ადამიანის უფლებებს და ა.შ. დასკვნა ჩანს ძალიან კონსტრუქციული და მოუთმენლად ველი მის დეტალურად გაცნობას", - განუცხადა ნორლანდმა ჟურნალისტებს აღნიშნული ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, რომელსაც სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" თავადაც ესწრებოდა.

კონსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა თომას ჰამერბერგმა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დღეს 40-გვერდიანი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. მისი განცხადებით, ანგარიში ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტის, ქეთრინ ეშტონისა და ევროკომისარ შტეფან ფულეს თხოვნით მოამზადა და სწორედ მათ წარედგინებათ. მისივე განმარტებით, ანგარიში ძირითადად რვა თვის განმავლობაში საქართველოში განხორციელებული ვიზიტების დროს მიღებულ გამოცდილებას ეყრდნობა