თომას ჰამერბერგი საქართველოში შრომის ახალი კოდექსის მიღებას დადებით მოვლენად აფასებს

თომას ჰამერბერგი საქართველოში შრომის ახალი კოდექსის მიღებას დადებით მოვლენად აფასებს

კონსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი თომას ჰამერბერგი საქართველოში შრომის ახალი კოდექსის მიღებას დადებით მოვლენად აფასებს.

"შრომის ახალი კოდექსის მიღება დადებითი მოვლენა იყო. ეს კანონი ახლა უკვე ახალმა ინსტიტუტებმა საწარმოო დავებისა და მოლაპარაკებების კულტურის დასამკვიდრებლად უნდა გამოიყენონ. კვლავ უნდა გააქტიურდეს სამმხრივი კომისია და შეიქმნას მედიაციის ცენტრი, რომელიც გააადვილებს გადაწყვეტილებების მიღებას საწარმოო დავების შემთხვევაში", – ნათქვამია საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ თომას ჰამერბერგის მიერ მომზადებულ ანგარიშში და იქვე განმარტებულია, რომ "საქართველოსთვის მეტად სასარგებლო იქნება სამუშაო პირობების ინსპექტირების სერიოზული მექანიზმის შემუშავება".

ამასთან, ანგარიშში ჰამერბერგი მძიმე სოციალურ ვითარებაზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ სოციალური უსამართლობის ფენომენის დასაძლევად – ბავშვთა შორის ფართოდ გავრცელებული სიღარიბისა და ცუდად მოქმედი განათლების სისტემის ჩათვლით, ის უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტი. "უნდა განხორციელდეს ინსტიტუციური რეფორმები და გაიზარდოს ბიუჯეტი", - აღნიშნულია ანგარიშში.