ბოლოდროინდელი ისლამოფობიური და ჰომოფობიური აქტები უკიდურესად შემაშფოთებელია

ბოლოდროინდელი ისლამოფობიური და ჰომოფობიური აქტები უკიდურესად შემაშფოთებელია

თომას ჰამერბერგი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს. "აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი განვითარება. სპონტანური ღონისძიებები და კრიზისზე რეაგირება, მტკიცედ დამკვიდრებულმა და შეთანხმებულმა პროცედურებმა და უკეთესმა თუ ახალმა ინსტიტუტებმა უნდა ჩაანაცვლონ. ასევე მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერება - ის უკვე არა ერთი წელია, რაც ქვეყანაში ფუნქციონირებს და ეს აპარატი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ადამიანის უფლებების პოპულარიზებისა და დაცვის სფეროში. ვფიქრობ, უნდა გაგრძელდეს მისი მხარდაჭერა", - განაცხადა თომას ჰამერბერგმა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციაზე. 

მისივე თქმით, აუცილებელია შემდგომი ინსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმები რელიგიის თავისუფლების დასაცავად. "თავიდან უნდა იქნას აცილებული უმცირესობის საკითხის განხილვა მხოლოდ უსაფრთხოების კონტექსტში. ბოლოდროინდელი ისლამოფობიური და ჰომოფობიური აქტები უკიდურესად შემაშფოთებელია", - აღნიშნა ჰამერბერგმა.

ამასთან, ის დადებითად აფასებს ხელისუფლებაში მიღებულ გადაწყვეტილებას, მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობის შემოღების შესახებ. "ეს ბრწყინვალე გადაწყვეტილებაა, ეს აუცილებელია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს უწყება მთავრობამ შექმნა, ინსპექტორის აპარატმა სრულიად დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოს და შეძლოს საკუთარი როლისა და სტრუქტურის შემდგომი დახვეწა",- აღნიშნა ჰამერბერგმა.

გარდა ამისა, ჰამერბერგის აზრით, უნდა გარძელდეს მართლმსაჯულების რეფორმა და მიღებული გამოცდილების გათვლისწინება - მათ შორის ხელი უნდა შეეწყოს თითოეული მოსამართლის მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის შეგრძნებას.

"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსამართლეთა, ასევე პროკურორთა და ადვოკატთა კომპეტენციის და კეთილსინდისიერების უზრუნველყოფა", - განაცხადა ჰამერბერგმა.

ასევე, მისივე აზრით, პოლიციისა და პროკურორების წინააღმდეგ საჩივრების განხილვას დასჭირდება მათზე რეაგირების პროფესიული, სანდო, დამოუკიდებელი მექანიზმის შემუშვება.

"ის პოლიციასა და პროკურატურაში არსებული რეალობის, ცოდნის საფუძველზე უნდა შეიქმნას, მაგრამ ამ სტრუქტურებიდან დამოუკიდებელი უნდა იყოს და საზოგადოების მიუკერძოებელი წარმომადგენლის როლს უნდა ასრულებდეს, ომბუდსმენის მსგავსად. ამავე კონტექსტში შეიძლება იქნას განხილული დაკავებულთა, პატიმართა მიერ საპატიმროებში არსებული პირობების ან ბადრაგის თუ სხვა თანამშრომლის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების განხილვის პროცედურა", - განაცხადა ჰამერბერგმა.