უმცირესობებთან მიმართებაში 17 მაისის აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე სამართლებრივი რეაქცია არასაკმარისი იყო

უმცირესობებთან მიმართებაში 17 მაისის აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე სამართლებრივი რეაქცია არასაკმარისი იყო

თომას ჰამერბერგის შეფასებით, უმცირესობებთან მიმართებაში 17 მაისის აქციასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე სამართლებრივი რეაქცია არასაკმარისი იყო, - ამის შესახებ ჰამებერგმა სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" განაცხადა, სადაც საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

"რაც მოხდა, იყო აბსოლუტურად მიუღებელი, ამაზე კი, ვფიქრობ არასაკმარისი იყო რეაქცია მთავრობის მხრიდან _ სამართლებრივი რეაქცია არ იყო საკმარისი. დისკუსიები იმართებოდა იმასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცნენ თუ არა შესაბამისი პირები. გამოძიება თითქოს ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ ვფიქრობ, არსებობს რისკი იმისა, რომ ეს ყველაფერი იქნას აღქმული ხალხისადმი შემდეგ გზავნილად _ თითქოს ეს არ იყო სერიოზული საკითხი. ამ დროს, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ინციდენტი იყო. ადამიანები სერიოზული საფრთხის ქვეშ იმყოფებოდნენ. ისინი პოლიციამ გადაარჩინა, როცა მათი ევაკუაცია და მიკროავტობუსებში ჩასმა მოახდინა. თითოეულმა ქვეყანამ, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს და დემოკრატიულობაზე აქვს პრეტენზია, ეს საკითხი უნდა გადაჭრას", - აღნიშნა თომას ჰამერბერგმა.

მისივე განმარტებით, აუცილებელია წარიმართოს ცხარე დისკუსიები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ საზოგადოებაში არსებულ ღრმა სტერეოტიპებს.

"ჩანს, რომ ჰომოფობია იმდენად ფართოდაა გავრცელებული, რომ უბრალოდ ვერავის ეტყვი - "სხვანაირად მოიქეციო". ბევრ ადამიანს მართლაც გულით და სულით ჯერა, რომ რასაც აკეთებს სწორია, მაგრამ ჰომოფობია ადამიანის უფლებების დარღვევის გამოვლინებაა, ამიტომაც პოლიტიკოსებმა ნათლად უნდა განაცხადონ, რომ ესაა გამყოფი ხაზი, რომლის იქეთ გადასვლა არ შეიძლება. ამ ყველაფერში დიდი როლი აკისრია ეკლესიას. აუცლებელია ეკლესიასა და საზოგადოებას შორის დიალოგი", -აღნიშნა თომას ჰამერბერგმა.