თომას ჰამერბერგის ანგარიშში საარჩევნო დარღვევებზე

თომას ჰამერბერგის ანგარიშში საარჩევნო დარღვევებზე "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებიც მოხვდა

საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ თომას ჰამერბერგის მიერ მომზადებულ ანგარიშში, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა განცხადებებიც და მათ მიერ მოპოვებული ფაქტებიც მოხვდა. 

როგორც კონსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა დღეს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, მისი რეკომენდაციაა, რომ ეს საკითხი სერიოზულად იყოს განხილული.

"საარჩევნო კამპანიას თვალყურს ნაკლებად ვადევნებ, თუმცა, ანგარიშში ამ თემას გარკვეული დრო ეთმობა და საუბარია იმაზე, რომ გარკვეულ დაშინებებს ჰქონდა ადგილი, როცა კანდიდატებს ხელი ეშლებოდათ კამპანიის ჩატარებაში. დაფიქსირებულია ისიც, რომ დაკავებებს ჰქონდა ადგილი და "ნაციონალური მოძრაობა" ჩივის, რომ არ ეძლევათ საშუალება, ჩაატარონ საარჩევნო კამპანია. ისინი ამბობენ, რომ ასლარიანი სასჯელი არ არის საკმარისი, რათა მოხდეს ასეთი ღონისძიებების პრევენცია. მე მაქვს რეკომენდაცია და მიმაჩნია, რომ აუცილებელია ეს პრობლემა სერიოზულად იყოს განხილული", - განაცხადა თომას ჰამერბერგმა.

მისივე შეფასებით, ასეთი ატმოსფერო არ შეიძლება იყოს დასაშვები და განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში აზრის გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. "ეს პრობლემა ნახსენებია ჩვენს მოხსენებაში და ვფიქრობ, იქნება დაცული თითოეული კანდიდატის უფლება, აწარმოოს საარჩევნო კამპანია", - დასძინა თომას ჰამერბერგმა.