თომას ჰამერბერგი:  ჩემი მთავარი გზავნილია, ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოძიება არ იყოს პოლიტიზებული

თომას ჰამერბერგი: ჩემი მთავარი გზავნილია, ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოძიება არ იყოს პოლიტიზებული

კონსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი თომას ჰამერბერგი საქართველოს ხელისუფლებას ორი გზავნილით მიმართავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჰამერბერგმა განცხადება საქართველოში არსებული ვითარების შესახებ მის მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციაზე გააკეთა, რომელიც სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა. 

"ამ მოხსენებაში მე მაქვს ორი ძირითადი გზავნილი - ერთი გახლავთ ის, რომ შევცვალოთ ახლო წარსული და ეს გავაკეთოთ ადამიანის უფლებების სრული დაცვით. ათასობით საჩივარია შესული როგორც პროკურატურაში, ისე ომბუდსმენის ოფისში. თითოეული ეს საჩივარი მოითხოვს დეტალურ შესწავლას. ისინი, ვინც ჩივიან, შესაძლოა საკუთარ განცხადებას ფაქტებით ვერ ამყარებდნენ, მაგრამ აუცილებელია თითოეულ მათგანს გაეცეს პასუხი. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოძიება არ იყოს პოლიტიზებული. ამასთან დაკავშირებით არსებობს შეკითხვები არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც და მნიშვნელოვანია ეს თავიდან ავიცილოთ და არ მოხდეს ამ პროცესის პოლიტიზება. ესაა პირველი ცალსახა გზავნილი ჩემი მხრიდან", - განაცხადა თომას ჰამერბერგმა.

მისივე შეფასებით, გამოძიება სამართლიანობის პრინციპზე უნდა იყოს დაფუძნებული. "აქედან გამომდინარე, ნებისმიერი განცხადება, რომელმაც შეიძლება უდანაშაულობის პრეზუმპცია დაარღვიოს, არ არის მისაღები. არავინაა დამნაშავე მანამ, სანამ მისი დანაშული არ დადასტურდება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია გამოძიების პროცესი განხორციელდეს შესაბამისი პროცედურების დაცვით", - აღნიშნა ჰამერბერგმა.

რაც შეეხება მეორე გზავნილს, მისი განმარტებით, ფიქრობს, რომ დროა ქართულმა საზოგადოებამ წარსულში ყურებას თავი დაანებოს და მომავალზე დაიწყოს ფიქრი. "ძალზედ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ აღარ იყუროს მარტო წარსულში და დაიწყოს ფიქრი მომავალზე. ამდენად, ვფიქრობ, დადგა დრო დავხუროთ წარსულის ეს გვერდი და მოვემზადოთ შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად მომავლისკენ, ესაა მეორე ძირითადი გზავნილი", - აღნიშნა თომას ჰამერბერგმა.
ჰამერბერგის ანგარიში ორმოცგვერდიანია.