საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე თვითმფრინავზე, რომლითაც პრემიერი დაფრინავს, წარწერა "სოხუმის" გაქრობას ვლადიმერ პუტინის სურვილს უკავშირებს. როგორც მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვლადიმერ პუტინს წარწერა "სოხუმი" ძალიან აღიზიანებდა.
"სრულიად უეჭველია, რომ დღეს მთავრობას გაცილებით მეტი უჯდება კომერციული რეისების დაქირავება, ვიდრე ეს ჯდებოდა მაშინ, როდესაც თვითმფრინავი მთავრობის განკარგულებაში იყო და ძალიან ინტენსიურადაც გამოიყენებოდა. ეს პირდაპირი შედეგია პოპულიზმისა და გაუაზრებელი გადაწყვეტილებებისა, რასაც ახალი მთავრობა იღებს. ასევე, მხოლოდ ძალიან მიამიტი ადამიანი თუ დაიჯერებს, რომ იმ თვიმფრინავის სახელის შეცვლა, რომლითაც პრემიერი დაფრინავს, გაიაშვილს ხელეწიფება. სხვათა შორის, ჩვენ კარგად ვიცით, როგორ აღიზიანებდა წარწერა "სოხუმი" ვლადიმერ პუტინს და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ოკუპანტის ნება-სურვილის უსიტყვო შემსრულებელი გახდა", - აღნიშნა მანჯგალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს თვითმფრინავზე, რომელითაც იგი ოფიციალური ვიზიტების დროს სარგებლობდა და რომელიც მთავრობას გადასცა, წარწერა "სოხუმის" გაქრობა გააპროტესტა.
ამასთან, ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ თვითმფრინავი, რომელზეც "სოხუმის" წარწერის წაშლა პრეზიდენტმა გააპროტესტა, კომპანიის საკუთრებაშია და ის თავად გადაწყვეტს ბორტს რა სახელი დააწეროს.
როგორც თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, თვითმფრინავზე წარწერა სიმბოლიკა არ არის.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ეკონომიკის სამინისტროშიც გაკეთდა. მინისტრის მოადგილის ნათია მიქელაძის განცხადებით, თვითმფრინავი სამინისტროს მფლობელობაში არ არის.
"ეს შეგიძლიათ ავიაციის რეესტრით გადაამოწმოთ, იქ მესაკუთრედ ფიგურირებს "საქართველოს ბანკი". ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, როდის მოხდა წარწერის წაშლა. მესაკუთრეს, როგორც უნდა ისე განკარგავს თავის თვითმფრინავს," – განაცხადა მიქელაძემ.