ჯარისკაცებისთვის დედაქალაქში 7 კორპუსის და გორში 3 კორპუსის მშენებლობა დაახლოებით თვენახევარში დასრულდება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ "იმედის" გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ქვეყნის პირველი პირი და ოპოზიციის ლიდერი აწარმოებს პოლიტიკურ თავდასხმას, ჯარისკაცების ამ დისკუსიაში ჩაბმა მიუღებელია.
"რაც შეეხება ბინების საკითხს, ეს მწვავე საკითხია, მიმდინარეობს შვიდი კორპუსის დასრულება. ეს არის 894 ბინა თბილისში და 3 კორპუსი გორში, სადაც 87 ბინა გადაეცემა ჩვენს სამხედროებს. პრიორიტეტი- დაღუპულებისა და დაჭრილების ოჯახები და ის ჯარისკაცებია, რომლებსაც ეს ბინები ეკუთვნით. განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, ჩვენ არავის არ ვაყენებთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ისევე როგორც ოჯახში ყველა ბავშვი არის საყვარელი, ასევე ჩვენთვის, ყველა ჯარისკაცი მნიშვნელოვანია," – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, ამ დროს მიმდინარეობს 34 საცხოვრებელი ბარაკის რემონტი და შეკეთება.
"ჩვენი სამხედროები ახალ პირობებში გააგრძელებენ მუშაობას. ასევე მიმდინარეობს 10 სასადილოს მშენებლობა, ეს არის დაახლოებით 24 მილიონის სამუშაოები, რომელიც დასრულებული იქნება წლის ბოლოს. ჩვენი მთავარი ამოცანაა ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკის გამართვა, ასევე მთელი სახსრების სამხედროების განათლებაში გადატანა, რასაც ვასრულებთ," – განაცხადა ალასანიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 19 სექტემბერს ჯარისკაცების ბინებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, ბინების მშენებლობა უნდა განახლდეს სრული ტემპით და ის ყველა ოფიცერმა უნდა მიიღოს.