ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენები მთავრობის გადაწყვეტილებებს უშედეგოდ ელოდებიან

ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენები მთავრობის გადაწყვეტილებებს უშედეგოდ ელოდებიან

“კომერსანტის“ მიერ გამოკითხული ბიზნესმენები ღიად აცხადებენ, რომ მთავრობის მხრიდან ქონებაჩამორთმეულ ბიზნესმენებთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება გაჭიანურდა. როგორც ვიუწყებოდით, პრემიერი და მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენებისთვის ქონების დაბრუნების საკითხი პოლიტიკური გადაწყვეტილებით უნდა დარეგულირდეს, რადგან ქონებების პირდაპირ დაბრუნება ბიუჯეტს დააწვება.

„ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებელი, რომელიც ბიზნესის დაბრუნებისათვის რამდენიმე თვეა სასამართლოში იბრძვის, აცხადებს, რომ მთავრობის ქმედება და განცხადებები ბნელ ოთახში კატის ძებნას ჰგავს. დავით ბეგიაშვილის თქმით, ამ დრომდე მთავრობის სიტყვას ქმედება არ მოჰყოლია, თუმცა კვალფიციური გამოძიების შემთხვევაში სიმართლის დადგენა არ იქნებოდა რთული და პრობლემა ამ დრომდე მოგვარდებოდა.

კუს ტბის ყოფილი მფლობელიც ამბობს, რომ მთავრობის ქმედებების პროგნოზირება მითუმეტეს წინასაარჩევნოდ შეუძლებელია. ბესიკ ხარძიანის თქმით, ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენების საკითხზე აუცილებელია იუსტიციის სამინისტროში შეიქმნას კომისია, რომელიც რეკომენდაციებს გასცემს სხვადასხვა საქმეებზე და ეს რეკომენდაციები სასამრთლოს საქმეს გაუადვილებს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურა აბაშიძე ქონებაჩამორთმეულ ბიზნესმენებთან დაკავშირებით განმარტებებს „კომერსანტთან“ აკეთებს. მისი თქმით, პარლამენტს და მთავრობას შორის სხვადასხვა საკითხებზე მათ შორის ამ თემებზეც მუდმივი კონსულტაციები მიმდინაროებს, აბაშიძის განცხადებით, შესაძლოა ვიღაცისთვის სამართალი იგვიანებს, ხოლო ვიღაცას პრობლემა უკვე მოუგვარდა. უმრავლესობის წევრის შეფასებით, ეს მუდმივი და ბუნებრივი პროცესია.