"პრემიერ-მინისტრმა დღეს გიორგი მარგველაშვილს ერთგვარად ესტაფეტა გადასცა"

ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაცია და მასზე პრემიერის სიტყვით გამოსვლა. 

"დღეს მნიშვნელოვანი დღეა, არა მხოლოდ კოალიციის მხარდამჭერებისთვის, არამედ მთლიანად მოქალაქეებისთვის. ჩვენ საქართველოს კოალიციის საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატი შევთავაზეთ. დარწმუნებულები ვართ, რომ იმ პასუხისმგებლობისა და ტვირთის ბოლომდე და სწორად სატარებლად, რასაც კოალიცია ქართველ ხალხს შეჰპირდა, გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერა აუცილებელია. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს მარგველაშვილს ერთგავარად ესტაფეტა გადასცა. მან ისაუბრა იმაზე, თუ რა გავაკეთეთ, თავად რას აპირებს და რატომაა მნიშვნელოვანი მარგველაშვილის გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, მარგველაშვილი ამ ესტაფეტას წარმატებით მიიღებს. საქართველოში ერთპარტიული პრეზიდენტების ეპოქა დასრულდება, ის გაიმარჯვებს და საქართველო ყველა მოქალაქის პრეზიდენტს მიიღებს. პრეზიდენტი იქნება ყველა ჩვენგანის სიამაყე და დამცველი. სხვა ასპარეზი იქნება პაექრობისთვის - პარლამენტი, არჩევნები, სასამართლო, პრეზიდენტი კი ჩვენი საერთო პრეზიდენტი იქნება", - განაცხადა უსუფაშვილმა.