მიხეილ სააკაშვილი:  ხაფანგზე გვეპატიჟება ის, ვინც მარტო რუსეთზე ჩამოგვკიდებს

მიხეილ სააკაშვილი: ხაფანგზე გვეპატიჟება ის, ვინც მარტო რუსეთზე ჩამოგვკიდებს

საქართველოს პრეზიდენტი ქართული ღვინის მხოლოდ რუსულ ბაზარზე ორიენტირებას მძიმე შეცდომას უწოდებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა, ყვარლის სახლში გამართული ტრენინგისას ჟურნალისტებს განუცხადა, "ხაფანგზე გვეპატიჟება ის, ვინც მარტო რუსეთზე ჩამოგვკიდებს"

"აქ ჩამოვიყვანეთ ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი მეღვინეობის დარგში საფრანგეთიდან. ჩვენ გვასწავლის როგორ გავიდეთ მსოფლიო ბაზრებზე. არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული რუსულ ბაზრებზე. რუსეთმა მოლდოვას გაუხსნა ბაზარი და დაუხურა ისევ 2 წელიწადში. ხაფანგში გვეპატიჟება ის, ვინც მარტო რუსეთზე ჩამოგვკიდებს. მხოლოდ რუსულ ბაზარზე ორიენტაცია - მძიმე შეცდომაა. ახლა ჩამოვიყვანე ფრანგი სპეციალისტი, მერე ჩამომყავს ესპანელი და ამერიკელი სპეციალისტები. სპეციალისტები ჩამოგვყავს ყველა წამყვანი ქვეყნიდან იმისთვის, რომ ჩვენ ღვინოებს და ვენახებს დავუმატოთ თანამედროვე ტექნოლოგიები.

ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი საქმე და პრეზიდენტობის შემდეგ ვაპირებ, რომ ეს ვაკეთო ინტენსიურად", - აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ყვარლის სახლში გახსნილ სასწავლო ცენტრში მეღვინეობის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა. სემინარი ფრანგმა ენოლოგმა ჟან მიშელ მუნიემ ჩაატარა.