"ხუდონჰესის" მშენებლეობის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

"ხუდონჰესის" მშენებლეობის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დილიდან ჯერ "ხუდონჰესის" პროექტის განხილვა მიმდინარეობდა, შემდეგ კი შეხვედრის მონაწილეები სიტყვით გამოდიოდნენ და საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებდნენ.

შეხვედრის დასასრულს, როდესაც მშენებლობის მოწინააღმდეგეები სიტყვით გამოდიოდნენ, მათ მიმართ გაისმა რეპლიკები, რასაც დაპირისპირება და სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებდნენ, რომ სვანეთში გიგანტური ჰესის მშენებლობა არ შეიძლება, რადგან ის გამოიწვევს სოფლების დატბორვას და ისტორიული ადგილების განადგურებას.

ამას ეწინააღმდეგებოდნენ პროექტის მომხრეები, რამაც ხმაური გამოიწვია. ბოლოს გამოაცხადეს, რომ კონფერენცია სრულდებოდა და დრო, რომლითაც დარბაზი იყო ნაქირავები, უკვე ამოიწურა.
როგორც შეხვედრის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მსგავსი ღონისძიება და პროექტის განხილვა კვლავ გაიმართება.