მიხეილ სააკაშვილი:  ვიცე-პოლკოვნიკი ალეკო ტუღუში თავდაცვის სამინისტროში

მიხეილ სააკაშვილი: ვიცე-პოლკოვნიკი ალეკო ტუღუში თავდაცვის სამინისტროში

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ვიცე-პოლკოვნიკი ალეკო ტუღუში, რომელიც ფარეხში ცხოვრობს, თავდაცვის სამინისტროში "მოიშორეს". 

ქვეყნის პირველი პირი ტუღუშის პრობლემებს დღესაც გამოეხმაურა და ირაკლი ალასანიას უწყების განცხადებაში, რომ სამინისტრომ ტუღუშის ბინით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთი კვირის წინ მიიღო, ეჭვი შეიტანა.

"ჩემი განკარგულება იყო, რომ საქართველოში ყველა ოფიცერს, განურჩევლად იმისა, დაჭრილია ის თუ არა, დამსახურების მიხედვით მიეღო ბინა, ამისთვის აეროპორტის გზაზე კორპუსები ავაშენეთ და ეს, რა თქმა უნდა, არ არის პიარი. ეს ბინები არსებობს და ეს ბინები უნდა დაამთავრონ. როცა ტუღუში ამერიკიდან ჩამოვიდა სექტემბრის დასაწყისში, ის მივიდა თავდაცვის სამინისტროში და ის მოიშორეს, უთხრეს, დაწერე პატაკი ბინაზე და წადიო. დაწერა პატაკი, დატოვა, როგორც ყველას ატოვებინებენ. მხოლოდ გუშინ, ეს ამბავი რომ ატყდა, თავდაცვის სამინისტრომ (უკანა რიცხვით) თქვა, რომ პატაკი ერთი კვირის წინ დავუკმაყოფილეთო. ეს არის ის თავდაცვის მინისტრი, რომელმაც გააჩერა ბინების მშენებლობა. მე ვფიქრობ, რომ მომავალში მათ მართებთ თავის შეკავება შეურაცხყოფისგან, მით უმეტეს გმირი ოფიცრების მისამართით. ტუღუშმა სისხლი დაღვარა და თავისი ჯანმრთელობა შესწირა საქართველოს. მე ვფიქრობ, ესაა უწესიერესი ადამიანი", - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ბინების მშენებლობა უნდა განახლდეს სრული ტემპით და ის ყველა ოფიცერმა უნდა მიიღოს.

"მინდა დავუსვა კითხვა მთავრობას და თავდაცვის მინისტრს. ჩემგან რომ არ გაგეგოთ, რომ ეროვნული გმირი "გარაჟში" ცხოვრობს, თვითონ არ უნდა მისულიყავით და არ უნდა დაინტერესებულიყავით მისი პირობებით? მით უმეტეს, ამ ადამიანმა ამხელა სულის სიმტკიცე გამოიჩინა, ამხელა გაწონასწორება, ჩამოვიდა, "გარაჟში" ცხოვრობს და თან როგორ მოაწყო ის შიგნიდან. რამხელა სიძლიერე აქვს ამ ადამიანს, არაფრისგან შექმნა რაღაც", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში, რომელმაც ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქების შედეგად კიდურები დაკარგა, სამშობლოში მუხათგვერდის სასაფლაოს გვერდით ავტოფარეხში ცხოვრობს. მიხეილ სააკაშვილმა მერიას გუშინ მისი ბინით უზრუნველყოფისკენ, თავდაცვის სამინისტროს კი დასაქმებისკენ მოუწოდა. ირაკლი ალასანიას უწყება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გუშინვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტუღუშს ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობა უკავია და ამ პოსტზე მისი ხელფასი საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენს. ამასთან, თავდაცვის სამინისტრო კატეგორიულად აცხადებს, რომ ვიცე-პოლკოვნიკს დაწერილი აქვს პატაკი ბინით უზრუნველყოფის შესახებ და მისი ბინით დაკმაყოფილების გადაწყვეტილება სამინისტროს შესაბამისმა კომისიამ ერთი კვირის წინ უკვე მიიღო.