პროკურატურა ბაჩო ახალაიას საქმეზე პროკურორის შეცვლის მიზეზს განმარტავს

პროკურატურა ბაჩო ახალაიას საქმეზე პროკურორის შეცვლის მიზეზს განმარტავს

პროკურატურა ბაჩო ახალაიას საქმეზე პროკურორის შეცვლის მიზეზს განმარტავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, პროკურორი რევაზ ნადოი ბაჩო ახალაიას პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ დაესწრებოდა. 

"პროკურორი რევაზ ნადოი გუშინ შეუძლოდ გახდა და სასამართლო პროცესზე დასწრებას ვეღარ შეძლებდა, რის გამოც გადაწყდა, რომ ბაჩო ახალაიას საქმეზე ის სხვა პროკურორს ჩაენაცვლებინა", - განაცხადა პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ხათუნა პაიჭაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბაჩო ახალაიას პროცესი სერგო თეთრაძის ეპიზოდზე 11:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ნადოი არ გამოცხადდა. ადვოკატების ინფორმაციით, ნადოი, თეთრაძის საქმეზე არც წინა პროცესზე იმყოფებოდა და ამის არგუმენტად ის დაასახელა, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ციხის ბუნტის საქმეზე დასკვნით სიტყვას ამზადებდა. დღეს კი, ნადოის ნაცვლად სასამართლოში პროკურორი ია დარჯანია გამოცხადდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ნადოი ავად არის და ამ მოტივით პროცესს ვერ ესწრება.

პროკურორმა ია დარჯანიამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ არ იცნობს საქმის მასალებს და ამ მოტივით მიეცეს გონივრული ვადა, რათა შეძლოს განხილვებზე დასწრება. მოსამართლემ იკითხა - აპირებდა თუ არა სერგო თეთრაძის საქმეზე ია დარჯანია პროკურორ რევაზ ნადოის ჩანაცვლებას, რაზეც დარჯანიამ ვერ უპასუხა და აღნიშნა, რომ ნადოის უკურნებელი სენი არ სჭირს, თუმცა მისთვის უცნობია, როდის შეძლებს იგი პროცესებზე დასწრებას.