ჯონ მაკკეინი:  რუსები იმაზე მეტს იმსახურებენ, ვიდრე პუტინია

ჯონ მაკკეინი: რუსები იმაზე მეტს იმსახურებენ, ვიდრე პუტინია

"რუსები იმაზე მეტს იმსახურებენ, ვიდრე პუტინია", - ამ სათაურით აქვეყნებს ღია წერილს სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელიც რუსულ გამოცემა "პრავდაში" გამოქვეყნდა.

როგორც ამერიკელი სენატორი აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არ სწამს რუსი ხალხისა და მისი თავისუფლების. მისივე განცხადებით, სჯერა რუსი ხალხის სიდიადის და მისი მისწრაფების, იცხოვროს სამართლიან საზოგადოებაში.

"როდესაც თქვენს ხელისუფლებას ვაკრიტიკებ, ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ვარ განწყობილი. არამედ იმიტომ, რომ თქვენ იმსახურებთ ისეთ ხელისუფლებას, რომელიც გენდობათ, პატივს გცემთ და ანგარიშვალდებული იქნება თქვენს წინაშე. ვიმედოვნებ, ვნახავ იმ დღეს, როცა ეს მოხდება. ნება მიბოძეთ, განგიმარტოთ, რომ მე არ ვარ ანტირუსულად განწყობილი. პირიქით, პრორუსული ვარ და თან იმაზე მეტად, ვიდრე ის რეჟიმი, რომელიც თქვენ გმართავთ. მჯერა, რომ თქვენ იმსახურებთ, გაიუმჯობესოთ ცხოვრება ისეთ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა ყვავის და კეთილდღეობას ქმნის ყველასთვის და არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. თქვენ უნდა ცხოვრობდეთ სამართლიან სახელმწიფოში, სადაც მოქმედი კანონი ნათელია, სამართლიანი და თანმიმდერულად და ობიექტურად გამოიყენება", - წერს ჯონ მაკკეინი და დასძენს, რომ რუსეთის მოქალაქე ვერ გააკეთებდა ისეთ განცხადებას, როგორსაც თავად წერს ამ წერილში.

"პრავდაში" გამოქვეყნებულ წერილში ამერიკელი სენატორი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტსა და მის გარემოცვას არ სწამს ისეთი ფასეულობების, როგორიც ადამიანთა უფლებები, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვაა.

"პრეზიდენტი პუტინი და მისი გარემოცვა პატივს არ სცემენ თქვენს ღირსებას და არ აღიარებენ თქვენს ძალაუფლებას მათზე. ისინი სჯიან და აპატიმრებენ ოპონენტებს, მანიპულირებენ თქვენი არჩევანით, აკონტროლებენ თქვენს საინფორმაციო საშუალებებს, დევნიან, ემუქრებიან და უკრძალავენ მუშაობას ორგანიზაციებს, რომლებიც თქვენს უფლებებს იცავენ. თავიანთი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხელს უწყობენ კორუფციას თქვენსავე სასამართლოებს და ეკონომიკაში, ატერორებენ და კლავენ კიდეც ჟურნალისტებს, რომლებიც ცდილობენ ამხილონ მათი კორუმპირებულობა", - წერს ჯონ მაკკეინი.

ამერიკელი სენატორი ასევე აღნიშნავს, რომ პუტინი და მისი გარემოცვა ქმნიან ისეთ კანონებს, რომელიც შეურიგებელია სექსუალური უმცირესობების მიმართ. მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ პანკ-ჯგუფის წევრები მხოლოდ იმიტომ დააპატიმრა, რომ ისინი პროვოკაციულები და ვულგარულები იყვნენ და ეყოთ გაბედულობა პროტესტი გამოეთქვათ პრეზიდენტ პუტინის მმართველობის წინააღმდეგ. მაკკეინი ასევე აღნიშნავს, რომ სერგეი მაგნიტსკის მიმართ ჩადენილი რუსეთის ხელისუფლების დანაშაული მხოლოდ მაგნიტსკის წინააღმდეგ კი არა, რუსი ხლხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იყო.

"პუტინი არ ამაღლებს რუსეთის რეპუტაციას მსოფლიოში, ის ანადგურებს მას. პუტინმა რუსეთი ტირანებისა და გამნადგურებლების მეგობრად აქცია. პუტინს არ ენდობიან ის ადამიანები, ვინც ისწრაფვის, რომ ჩვენი პლანეტა უფრო უსაფრთხო და მშვიდობიანი გახადოს. პუტინს კი არ სჯერა ამ ფასეულობების, რადგან მას არ სწამს თქვენი. არ სწამს, რომ თავისუფლება ადამიანის ბუნებას თავის სისუსტეებზე მაღლა აყენებს და შეუძლია სამართლიანი, მშვიდობიანი და აყვავებული საზოგადოების შექმნა. ან სულ მცირე, მას არ სწამს იმის, რომ რუს ხალხს შეუძლია მის გაკეთება. ამიტომ ამ სისუსტეების გამოყენებით, ის კორუფციით, რეპრესიებითა და ძალადობით მართავს სახელმწიფოს და მართავს მას თავისთვის და არა – თქვენთვის", - წერს ამერიკელი სენატორი.

ჯონ მაკკეინის წერილი ერთგვარი გამოხმაურებაა 11 სექტემბერს New York Times-ში გამოქვეყნებულ ვლადიმერ პუტინის საავტორო წერილზე, სადაც მან ამერიკელ ხალხს ბარაქ ობამას გადაწყვეტილებაზე - სირიაში სამხედრო ინტერვენციის თაობაზე მიმართა.

"საგანგაშოა, რომ უცხო ქვეყნის კონფლიქტში ჩარევა სამხედრო გზით აშშ-სთვის ჩვეულებრივი ამბავი ხდება. ჩნდება კითხვა – შედის თუ არა ეს აშშ-ის გრძელვადიან ინტერესებში? – ვეჭვობ. პლანეტაზე მილიონობით ადამიანისთვის ამერიკა სულ უფრო ხშირად განიხილება არა როგორც დემოკრატიის მოდელი, არამედ როგორც მოთამაშე, რომელიც ფსონს უხეში ძალის გამოყენებაზე დებს და ლოზუნგით "ვინც ჩვენთან არ არის – ჩვენს წინააღმდეგაა" მოქმედებს", - დაწერა რუსეთის პრეზიდენტმა და აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდა, კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მოგვარებაზე დაფიქრებულიყო.